გიორგი ოკმელაშვილი: იმედია, ქალბატონ ანის ჩემზე უფრო პატიოსანი პროკურორი და მოსამართლე ეყოლება, იმ დროს როცა საჭირო იქნება

„ბატონო მოსამართლე, შეგახსენებთ ჩემი იქ [აქციაზე] ყოფნის მიზეზს – იმ დროს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელსაც ჩვენ ვეძახდით რუსულს. რატომ ვეძახდით რუსულს ახლა მაგას გეტყვით – იმიტომ, რომ რუსებს მოსწონდათ ეგ კანონი და ჩვენს ევროპელ მეგობრებს არ მოსწონდათ, მარტო მაგიტომ ვეძახდით რუსულ კანონს.
ამ ყველაფრის ფონზე მივედით და გამოვხატავდით ჩვენს პროტესტს. იქ მყოფ პოლიციელებს ხმამაღლა ვეძახდით „რუსების მცველებს”, რაზეც ისინი ბრაზდებოდნენ, გადმოდიოდნენ და გვირტყამდნენ. ამ დარტყმის დროს ბევრი ადამიანი წიხლქვეშ გაიგდეს, ბევრ ადამიანს თავი დაუმტვრიეს და ამ გაწევ-გამოწევაში 1-2ჯერ მეც მომიწია ხელის კვრა და დემონსტრანტის გამოთრევა.
რაც შეეხება ამ პატივცემულ ალექსანდრე ოხანაშვილს, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, თვალით არ მინახავს. არც ის ვიცი, ის ადამიანი, ვისაც მაბრალებენ რომ ხელი დავარტყი, არის თუ არა ალექსანდრე ოხანაშვილი. და თუ თქვენ ალექსანდრე ოხანაშვილს უჯერებთ სიტყვაზე, რომ ის არის ალექსანდრე ოხანაშვილი, მაშინ, გთხოვთ, მეც დამიჯეროთ და ვაღიარებ, რომ ამერიკის პრეზიდენტი კენედი მოვკალი მე. გთხოვთ, მაგაზეც გამასამართლოთ.
თუ იმას დაუჯერეთ, რომ ის არის ალექსანდრე ოხანაშვილი, მაშინ კენედის მკვლელი ვარ მე და გთხოვთ, ესეც დამიჯეროთ.
რაც შეეხება ქალბატონი ანას [პროკურორი] გამოცხადება-არგამოცხადებას ჩემს პროცესებზე, ერთი შემთხვევა არ იყო, როცა ქალბატონი ხუბეჯაშვილი არ გამოცხადდა ჩემთან პროცესზე – პირველად აგვისტოში წავიდა დასასვენებლად, მეორედ სექტემბერში საქეიფოდ იყო, მერე უქეიფოდ იყო, მერე კორონა დაემართა, მერე რავიცი რა დაემართა და ასე პერიოდულად არ დადიოდა. ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ ქალბატონი ანა არის დაინტერესებული ჩვენი პროცესით. მას მერე, რაც მომისაჯეს, ქეიფი და ცუდად გახდომა უკვე აღარ ეტყობა, ამჯერად დადის ყოველდღე.
რაც შეეხება ჩემი სახლიდან და ოფისიდან ტექნიკის ამოღებას, ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ჩემი მუშტი ან მკლავი ინახებოდეს კომპიუტერში, ან რას ეძებენ ამ კომპიუტერში ისეთს, რაც ვერ იპოვეს. ვინჩესტერის დათვალიერებას ერთი წელი რათ უნდა. ხო გამორიცხულია, უბრალოდ მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ ჩემი ბიზნესი გაანადგურონ, რისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ანას.
იმედია, ქალბატონ ანის ჩემზე უფრო პატიოსანი პროკურორი და მოსამართლე ეყოლება, იმ დროს როცა საჭირო იქნება”, – განაცხადა საბოლოო სიტყვის დასასრულს გიორგი ოკმელაშვილმა.
⭕ რუსული კანონის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე – ვიბრძოდი იმისთვის, რომ სისტემა შეცვლილიყო – იმისთვის არ ვიბრძოდი, რომ ვიღაცას თავზე შემოესკუპებინა მურუსიძე-ჩინჩალაძე, შემდეგ კი მათი ხელით დაესაჯათ ახალგაზრდები და ჩაესვათ ციხეში