შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტაბულასთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.
რუსთავი 2-ზე გადაცემა პრაიმ ჰაუსის წამყვანმა, გიორგი ნაზღაიძემ გუშინ, 5 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და მის 2 მეგობარს ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს.
“დღეს საღამოს რამდენიმე საათის წინ, ჩემს ორ მეგობართან ერთად წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა. ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვსდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ. ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გაგვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები. ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად გადავრჩით, ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის. ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!
მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტიურად ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!” – დაწერა ნაზღაიძემ.