იურისტი გიორგი მშვენიერაძე:
ვთქვათ, თქვენმა ოჯახის წევრმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს (და ასეთი ყოველი მეოთხე ქართველია), გამოგიგზავნათ 100 დოლარი. ვინაიდან ეს თანხა შესაძლოა თქვენ მიერ იქნეს გამოყენებული (ანუ არა ის, რომ უკვე მოხმარდა, არამედ ის, რომ შეიძლება მოხმარდეს) ევროპის დროშის შეძენასა და საკუთარი ფანჯრიდან გადმოფენას, როგორც სახელმწიფოთა გაერთიანების სიმბოლოსი – სადაც ხედავთ საკუთარი ხალხის მომავალს — შესაძლოა ამის გამო 6 წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ.
უფრო მეტიც, თუ თქვენ პროგრამისტი ხართ და ხელფასს რომელიმე საერთაშორისო კორპორაცია გიხდით (მაგალითად, Google), ხოლო პარალელურად იბრძვით საქართველოში მიუსაფარი ცხოველების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესაცვლელად, შეიძლება დამნაშავედ გამოგაცხადონ და კვლავ 6 წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ.
თუ თქვენ სწავლისთვის გრანტს მოიპოვებთ რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტში (სწავლის ან კვლევის თანადაფინანსებას) და ამავდროულად Facebook-ზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას გააგრძელებთ — სწორად გამოიცანით — თქვენც 6 წლამდე პატიმრობა გელით.
თუ თქვენ ფეხბურთელი ხართ და ხელფასს რომელიმე ევროპული საფეხბურთო კლუბი გიხდით, მაგრამ Instagram-ზე გააზიარებთ სტორის, სადაც ნაცემ ათასობით აქტივისტს სოლიდარობას გამოუცხადებთ, აქაც იგივე შედეგია შესაძლებელი — 6 წლამდე პატიმრობა.
თუ თქვენ ექიმი ხართ და „წითელ ჯვარში“ მუშაობთ ან წარსულში გიმუშავიათ, შესაძლოა 8 წლის ვადით პოლიტიკური პარტიის წევრობა აგეკრძალოთ.
თუ თქვენ ზოგადად საუბრობთ პოლიტიკურ საკითხებზე — მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პოლიტიკური პარტიის წევრი ან მოქმედი პოლიტიკოსი — ახალი კანონი გაგათანაბრებთ პოლიტიკოსთან და სახელმწიფო აუდიტის კონტროლს დაგაქვემდებარებთ.
და ასე შემდეგ
.
(აღნიშნული მაგალითები ეფუძნება „ივანიშვილის ოცნების“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მოცემულ ინფორმაციას. მას შემდეგ, რაც კანონპროექტის სრული ტექსტი ხელმისაწვდომი გახდება, სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო დეტალური ანალიზი.)




