საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპენსიო კანონში შესული ცვლილებების პაკეტი პარლამენტს უკან დაუბრუნა.
აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კანონი პარლამენტს უკან მოტივირებული შენიშვნების გარეშე გაეგზავნება.
ასევე, გიორგი მსხილაძის თქმით, აღნიშნული საკითხის პარლამენტის გარეთ გატანა და პრემიერ-მინისტრისთვის ამგვარი ძალაუფლების გადაცემა დაუშვებელია და რისკებს შეიცავს.
“საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოწერა დაგროვებითი პენსიის კანონში შესატან ცვლილებებს და აღნიშნული კანონი პარლამენტს დაუბრუნა. განხორციელებული ცვლილებით ფონდის საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ როცა აღნიშნული მოდელით, ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ შესაძლოა, მმართველი საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.
პენსიის რეფორმა საქართველოში, ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც რეპუტაციულად აზიანებს კანონს და არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო რეფორმა, პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს მილიონ-ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.
აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით, ე.წ ვეტოს გადაგზავნას. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას, აგზავნის კანონს პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს”, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.