გიორგი მსხილაძე – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტის შეჩერება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა – დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას და ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოვუწოდებთ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტის შეჩერება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა – დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოვუწოდებთ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, ს საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გაუგონარი რამ ხდება, რაც ქვეყნის ტრაგედიაა და არავის აქვს უფლება, დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება წაართვას.
“საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
პირველი, თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ; მეორე, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა; მესამე, ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის.
დღეს გაუგონარი რამ ხდება. ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება, დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება.
მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს, ეს იყო გამჭვირვალე პროცესი. მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას, აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ და დასძინა:
“საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოსარჩელემ სასამართლოს დღეს, 22 ივლისს მიმართა. სასამართლომ სარჩელი დღეს, 22 ივლისსვე დააკმაყოფილა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადდანიშნული წევრი უფლებამოსილებას ხვალ, 23 ივლისს უნდა შესდგომოდა”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.