ყველაფერს, იქნება ეს უშიშროების საბჭოს გაუქმება, იქნება ეს საგარეო დაზვერვის ინტეგრაცია სუს-ში, იქნება ჩორჩანას საკითხის გააქტიურება, აქვს ერთი კონკრეტული მიზანი, მაქსიმალურად ჩაეხსნას საქართველო დასავლურ სივრცეს და ჩვენ დავუბრუნდეთ პოსტსაბჭოთა და საბჭოთა მოდელს, – ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, რომელმაც საკუთარი ანტიდასავლური ქმედებებით, საკუთარი ანტიდემოკრატიული კანონებით გამოიწვია ქვეყნის სისტემური გათიშვა დასავლეთიდან.
„ირანის დასუსტება არის დიდი პრობლემა სომხეთისთვის. იმიტომ, რომ სომხეთი აქტიურად ცდილობდა თანამშრომლობის გაღრმავებას ირანთან, რადგან მისთვის ეს იყო აზერბაიჯანისა და თურქეთის შეკავების ერთ-ერთი გზა. თუმცა ახლა უკვე ეს გზა არის სრულიად ჩამოშლილი. მეორე საინტერესო განვითარება ჩვენი რეგიონისთვის ეს იქნება ე.წ. 3+3-ის ფორმატის სრული ჩამოშლა, იქიდან გამომდინარე, რომ ირანი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას 3+3 ფორმატში. შესაბამისად, ნებისმიერი საუბრები, რომელიც საქართველოშიც ხანდახან გვქონდა 3+3-ის ფორმატთან დაკავშირებით, წესით და რიგით, უნდა შეწყდეს. ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება ჩვენი რეგიონული უსაფრთხოებისთვის. სამწუხაროა, რომ ამ გამოწვევებზე ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს. საქართველო ამ ყველაფერს ხვდება სრულიად მოუმზადებელი.
ჩვენ არ ვიცით ირანის ასეთი დასუსტების შემთხვევაში, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის განვითარება როგორ მოხდება. არ არის გამორიცხული, რომ აქაც ვიხილოთ გამწვავება. მზად ვართ თუ არა ჩვენ, რომ ჩვენს საზღვრებთან მორიგი კონფლიქტი დაიწყოს? რა თქმა უნდა, არ ვართ. ამას ემატება რუსეთი, სამხრეთის დერეფნის სრული ჩამოშლა და კიდევ ერთი საკითხია მიგრანტების თემა. ის საფრთხეები, რომელიც მიგრაციული ტალღების არასწორ მართვას მოჰყვება, საქართველოსთვის არახალია. ჩვენ უკვე გვქონდა რუსეთიდან უზარმაზარი მიგრაციული ტალღა, რომელიც საერთოდ არ იყო მართული. ამ ყველაფერს თუ დაემატება მეორე ტალღა, ეს იქნება პრობლემა.
რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დაგეგმილ ლიკვიდაციას, თუ შევხედავთ ახლო აღმოსავლეთის რუკას, რომელი ქვეყანაა წარმატებული? წარმატებულია ისრაელი, რომლის უახლოესი მოკავშირე არის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები. ანუ დასავლეთთან მოკავშირეობამ დიდწილად განაპირობა ისრაელის უნარები განახორციელოს ასეთი მაღალი დონის სამხედრო ოპერაცია. ალტერნატივა რა არის? მეორე მხარეს ჩვენ გვაქვს ირანი, რომელმაც აირჩია რუსეთთან მოკავშირეობა და აირჩია ჩაკეტილი ისლამისტური ულტრაფუნდამენტალისტური რეჟიმის მშენებლობა საკუთარ ქვეყანაში. ვინ არის წარმატებული და ვინ წარუმატებელი ამ ორ ქვეყანას შორის და ვის ჰყავს უკეთესი მოკავშირეები, მგონი, გასაგებია ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ კონტექსტის გათვალისწინებით და ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, უდიდესი პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური შეცდომაა საქართველოს იზოლაციაში ყოფნა. ამაზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, რომელმაც საკუთარი ანტიდასავლური ქმედებებით, საკუთარი ანტიდემოკრატიული კანონებით გამოიწვია ჩვენი სისტემური გათიშვა დასავლეთიდან. ყველაფერს, იქნება ეს უშიშროების საბჭოს გაუქმება, იქნება ეს საგარეო დაზვერვის ინტეგრაცია სუს-ში, იქნება ჩორჩანას საკითხის გააქტიურება, აქვს ერთი კონკრეტული მიზანი, მაქსიმალურად ჩაეხსნას საქართველო, მათ შორის, სტრუქტურულად, ფუნდამენტური სტრუქტურების დონეზე დასავლურ სივრცეს და ჩვენ დავუბრუნდეთ პოსტსაბჭოთა და საბჭოთა მოდელს, სადაც არსებობს ერთი უსაფრთხოების სტრუქტურა, თავის დროზე ეს იყო „კაგებე“, დღეს ეს არის ჩვენს შემთხვევაში, სუს-ი და ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ამ სტრუქტურაში მიიღება“,- განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
