ბურთიც და მოედანიც „ქართული ოცნების“ ხელშია, მათ აქვთ ყველა ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ქართულ სახელწმიფოს დასავლეთთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ამას არ აკეთებენ, – ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, თუ ვიზალიბერალზიაცია გაუქმდება, ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იქნება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი.
„უნგრეთის მცდელობები – დაბლოკოს ევროკავშირის ეფექტიანობა, „ქართული ოცნებისთვის“ მოკლე ვადაში შეიძლება იყოს მომგებიანი, რადგან კონკრეტული ინდივიდუალური სანქციები არ დაწესდება, მაგრამ ქართველი ხალხისთვის იქნება გაცილებით უარესი, რადგან უნგრეთის ბლოკით კონკრეტული ადამიანების ნაცვლად, სანქციები შეიძლება დაუწესდეს მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, რაზეც პასუხისმგებელნი „ქართულ ოცნებასთან“ ერთთად იქნება უნგრეთი, ორბანი“, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
გიორგი მელაშვილის თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ პარტნიორებთან ურთიერთობები რამენაირად დაათბოს.
„რაც უფრო მეტად გამოჩნდება „ქართული ოცნების“ რეალური, ანტიდასავლური სახე, თავდასხმა დემოკრატიაზე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ა.შ. , მით უფრო მეტი ადამიანი თავად „ქართულ ოცნებაში“ დაინახავს, რომ ეს არ არის არანაირი პროდასავლური და პროდემოკრატიული ძალა. იმიტომ იწელება ეს პროცესი ამდენ ხანს, რომ ევროკაშირის არ უნდა ქართველი ხალხის დასჯა. თავიდან „ქართულ ოცნებას“ დიპლომატიურ ენაზე უთხრეს, შემდეგ იყო დახურული კონსულტაციები, დახურული წერილები და არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობები რამენაირად დაათბოს“, – განაცხადა გიორეგი მელაშვილმა.
მელაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საქართველოში „პატარა საბჭოთა გადმონაშთის შექმნის“ მცდელობა აქვს.
“ქართულ ოცნებას ახასიათებს საკუთარი ცოდვების გადატანა სხვაზე. შევხედოთ საქართველოს დღეს – ერთპარტიული პარლამენტი, სასამართლო ერთი პარტიის კონტროლქვეშაა, არანაირი დაბალანსების სისტემა ხელისუფელბის სხვადასხვა შტოებს შორის.
რა ჰგავს უფრო საბჭოთა კავშირს? – ერთპარტიული სისტემა, სადაც ერთი ადამიანი იღებს ყველა გადაწყვეტილებას, თუ ევროკავშირი, სადაც უამრავი პოლიტიკური პარტიაა“, – განაცხადა მელაშვილმა და დასძინა: „ადგილი აქვს საკუთარი თავის პროექცირებას ევროკავშირზე და ევროკავშირისთვის ომის დაბრალებას, რასაც თავად „ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველოში. ბოლო პერიოდში, რასაც ვხედავთ, ეს პატარა საბჭოთა გადმონაშთის შექმნის მცდელობაა 21-ე საუკუნეში, ეს არის საბჭოთა კომპლექსების გადამღერება“, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
