გიორგი მარგველაშვილი – ხელისუფლებას შევცვლით მშვიდობიანად – ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება გადმობარებულია

დღეს ერთად ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად და გავიმარჯვებთ სერიოზულად და ხელისუფლებას შევცვლით მშვიდობიანად! , – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის თქმით, „ძლიერი საქართველოს“ სახით შედგა ისეთი ძალა, რასაც ქართველი ამომრჩეველი ითხოვდა, შედგა ის ძალა, რომელიც არ არის „დამძიმებული, არც წინა ხელისუფლებით, არც იმის წინა ხელისუფლების პრობლემებით“.
„არ ყოფილა შემთხვევა, მე ეს თემა შემშლოდეს: 2003 წელს შევედი პოლიტიკაში და შევცვალეთ ხელისუფლება. 2012-წელს დავბრუნდი პოლიტიკაში, შევცვალე ხელისუფლება. თუ მე პოლიტიკაში შევდივარ, ასეთი რაღაცები არ მეშლება, ტყუილად არ შევდივარ ხოლმე თუ ხელისუფლება არ გადმოვიბარეთ. გადმოვიბარებთ კი არა წავართმევთ, იმ ძალით, რომელიც არის ჩვენ ერში. დღეს მე ამას მტკიცედ იმიტომ ვამბობ, რომ დღეს რეალურად შედგა ის, რასაც ქართველი ამომრჩეველი ითხოვდა. შედგა ის, რასაც პრინციპულად უპირისპირდებოდა. შედგა ის ძალა, რომელიც არ არის დამძიმებული, არც წინა ხელისუფლებით, არც იმის წინა ხელისუფლების პრობლემებით და ეს ძალა არის „ძლიერი საქართველო!“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი 26 ოქტომბერს არჩევნებზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივა, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ხელისუფლების დათმობა.
„26 ოქტომბერს გამოვიყვანთ მოქალაქეებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მივლენ, და როგორც კი 2 მილიონ ამომრჩეველს გადასცდება ნიშნული, ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება გადმობარებულია. სულ იყო ეს ტექსტი – კი, მაგრამ ხელისუფლებას არ დათმობენ. მე გეუბნებით, როგორც არის ქართველი ხალხის ნება და ამ ნათელ ნებას უკან უდგას საქართველოს მოქალაქე. ძალიან იოლად დათმობენ (ხელისუფლებას) და ძალიან მშვიდობიანად დათმობენ. ვისაც უნდა მშვიდობა და სტაბილურობა 26 ოქტომბერს უნდა არჩევნებზე წავიდეს და გააფერადოს ნომერი 9 !“- განაცხადა მარგველაშვილმა.