საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შეუერთდა. ის პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გორში გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა.
„ძალიან დიდი სიამაყით, დიდი პატივისცემით, მინდა გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ მოძრაობას უერთდება ერთი ხმა. ადამიანი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე და იყო ორივე ხელისუფლების ოპოზიციაში. მან შეინარჩუნა ინსტიტუტი“, – თქვა მარგველაშვილის წარდგენის დროს ხაზარაძემ.
„ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანი ელოდა ამომრჩეველი, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზენტაციაზე და განაგრძო, – ეს მოთხოვნა, რომ მოდი, შევქმნათ რეალობა, რომელიც იმ ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია და ჭეშმარიტად გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ჩვენი არჩევანი, ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დამძიმებული იმ პრობლემებით, რომლებიც წინა ხელისუფლებებს ჰქონდა. ეს გაერთიანება, ეს ისტორიული მოთხოვნა შედგა. არ შეიძლება სერიოზული პრობლემებით დამძიმებული ხალხი მართავდეს სახელმწიფოს“.
მარგველაშვილმა ილაპარაკა მისი ახალი თანაგუნდელების შესახებ და აღნიშნა, რომ მათთან ერთად ბევრი რამ აქვს გავლილი. მან აქცენტი დასვა იმაზე, რომ მათი ნაწილი მასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა“.
მარგველაშვილი 2013-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტი. 2012-2013 წლებში მას განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა.
პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ბოლო ვადა 26 სექტემბერს აქვთ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.