ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ნათლად ჩამოგვიყალიბა საქართველოს გასაბჭოების გეგმა – ერთი მხრივ, არ უნდა მივცეთ ძალადობის შესაძლებლობა და მეორე მხრივ, მათთან მოლაპარაკებებშიც არ უნდა შევიდეთ, ეს არის სტრატეგია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, ეს მშვიდობიანი პროტესტი მიგვიყვანს იქამდე, რომ ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს.
„ჩემთვის მათი [„ქართული ოცნების“] გადაწყვეტილებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აქ რომ ვიდექი 30 წლის წინ და ჩემთვის არანაირად მნიშვნელოვანი არ იყო, რას შეცვლიდა გუმბარიძე და “კომუნისტური პარტიის” ყრილობა. არანაირად არ მაინტერესებს რას შეცვლიან. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ნათლად ჩამოგვიყალიბა საქართველოს გასაბჭოების გეგმა და ქართული საზოგადოება დგას ამის წინააღმდეგ. არ უნდა ავარევინოთ. ერთი მხრივ, არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ძალადობის და მეორე მხრივ, მათთან მოლაპარაკებებშიც არ უნდა შევიდეთ – ეს არის სტრატეგია.
ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლითაც ჩვენ ვაღრმავებთ ამ ხალხის მიუღებლობას საზოგადოების მიერ. ფორმულა დევს – ახლის არაფრის მოფიქრება არაა საჭირო. ეს მშვიდობიანი პროტესტი მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.