„ეს არის შეგნებული, მიზანმიმართული სწრაფვა იმისკენ, რომ ქვეყანა დააზიანო მაქსიმალურად. იმდენად დააზიანო და იმდენად გაანადგურო, რომ მან თავი ვეღარასოდეს ვეღარ წამოწიოს,“ – ასეთია ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის მოსაზრება „ოცნების“ ბოლო კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც „გრანტების შესახებ“ კანონი, იურისტების შეფასებით, შესაძლოა, სუფრასთან გაჟღერებულ თქვენს კრიტიკულ აზრსაც კი შეეხოს.
ფილოსოფოსის დაკვირვებით, საქმე გვაქვს არამხოლოდ ინსტიტუციების გაქრობასთან და პროტესტის ჩახშობასთან, არამედ ქვეყნის გეგმაზომიერად განადგურებასთან.
„მე ვერ წარმომიდგენია რომელ დამპყრობელს შეეძლო ამაზე უარესი ზიანის მოტანა… ეს არის უზომოდ დიდი ზიზღი ამ ქვეყნის წარსულის და მისი მომავლის მიმართ. აი, რომ გძულს ვიღაც და გინდა ბოლომდე ამოძირკვო და გაანადგურო – ამას უკეთებს დღეს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს,“ – ამბობს გიორგი მაისურაძე.
რა განზრახვით მოქმედებს ივანიშვილი ამ ეტაპზე? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ გიორგი მაისურაძეს.
- ბატონო გიორგი, თქვენი რეაქცია როგორი იყო, როცა გაიგეთ, რომ სუფრასთან აზრის გამოხატვასაც შეიძლება შეეხოს „გრანტების შესახებ“ კანონი? თქვენი აზრით, რა გათვლებით მოქმედებს ივანიშვილი ამ ეტაპზე?
რაც ჩანს ამ კანონში, ეს არის მართლა ყველანაირი თავისუფლების, რამე თუ დარჩა, იმის ალაგმვა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, დიქტატურები ბევრი არსებობს, ავტორიტარული რეჟიმებიც ბევრი არსებობს, მაგრამ ეს არის უფრო მავნებლობა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.
ჩვენ უკვე შეგვაგუეს იმას, რომ საქართველოში მყარდება, თუ ფაქტობრივად დამყარებული არაა უკვე, დიქტატურა. ზედმეტია სხვა ტერმინების მოძიება და რაღაცნაირი ევფემიზმები ამ ყველაფრისთვის.
ჩვენ მივექანებით დიქტატურის ყველაზე მახინჯი ფორმისაკენ, რომელიც ჩვენთვისვე ცნობილი იყო ისტორიულ გამოცდილებით.
ყველა დიქტატურას აქვს გარკვეული დადებითი ასპექტიც იმავე ქვეყნისთვის: მთელ ძალაუფლებას ვიტაცებ, აბსოლუტურ კონტროლს ვამყარებ, მაგრამ ეს მჭირდება რაღაც უკეთესი მიზნისთვის…
ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა, ხომ? საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა მეცნიერებათა აკადემია, კინოსტუდია, უამრავი კულტურული დაწესებულება, რომელზეც დგას დღეს ქართველი ერი, როგორც ერთობა, რომელსაც აქვს კულტურული პრეტენზიები, რომ ის არის კულტურული ქვეყანა, შეუძლია იამაყოს, ჰქონდეს საკუთარი ცნობიერება და ასე შემდეგ. საბჭოთა სისტემამ და ბოლშევიკებმა შექმნეს უამრავი კულტურული ინსტიტუცია, რომელიც ნაწილობრივ დღესაც არსებობს.
გასაგებია, რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება და იქ ცენტრალური დაფინანსება აღარ არსებობს, მაგრამ მისი ნაშთები დღესაც მოქმედებაშია და თუ კიდევ რაღაცნაირად სუნთქავს ეს კულტურა, იმ ინსტიტუციების ხარჯზეა, რომელიც საბჭოთა სისტემამ შექმნა.
- ამიტომაც გადაწყვიტა „ოცნებამ“ ერთი ხელის მოსმით გაერთიანება, მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის თსუ-თან?
არაფერი საერთო ამას რეფორმასთან არა აქვს. დამკვიდრდა კიდევაც ტერმინი „დეფორმა“, მაგრამ ეს „დეფორმაც“ ნაკლებად მგონია, იმიტომ, რომ ეს არის მიზანმიმართული, სრულიად შეგნებული და გეგმაზომიერი განადგურება ამ ქვეყნის.
და რას ნიშნავს საგანმანათლებლო სისტემის განადგურება? ეს მისი მომავლის განადგურებაა, რომ ქვეყანა დაემსგავსოს უკულტურო, ბნელ, გაუნათლებელ მასას. აი, თავისი ტროლები რომ ჰყავთ – აბსოლუტურად პრიმიტიული არსებები და პრიმიტიული აზროვნებასაც რომ ვერ დაარქმევ – მათ უნდათ დაამსგავსონ მთელი ქვეყანა. ამას ეწოდება მავნებლობა, ეს არის შეგნებული, მიზანმიმართული სწრაფვა იმისკენ, რომ ქვეყანა დააზიანო მაქსიმალურად.
იმდენად დააზიანო და იმდენად გაანადგურო, რომ მან თავი ვეღარასოდეს ვეღარ წამოწიოს.
- რა შედეგზეა გათვლილი იგივე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, თქვენი აზრით? რომ გრძელვადიან პერსპექტივაშიც ვერ გააქტიურდეს საპროტესტო მოძრაობა საქართველოში?
საქართველო მოაქციეს იზოლაციაში, ზედ აღარავინ უყურებს, მისი წაშლა ხდება ფაქტობრივად მსოფლიო რუკიდან. ამის გამოხატულება იყო დავოსის ფორუმი, სადაც არ მიიწვიეს საქართველო.
სუვერენულობა მაგათ თუ ჰგონიათ გამოქვაბულში გამოკეტვა და ვირთხის სოროში შეძრომა – ამას არაფერი საერთო სუვერენულობის ცნებასთან არა აქვს. ეს არის სრული სიცრუე და ამ ტერმინის ვერგაგებაც კი, რომელსაც მთელი პროპაგანდა, ყველაფრის მკადრებელი, მზაკვარი ადამიანები, აი, ამ დემაგოგიისთვის, ხალხის მოტყუებისთვის იყენებენ.
ჩვენ ვანგრევთ განათლების სისტემას, რომელიც ისედაც მძიმე კრიზისშია და ძალიან დიდი დახმარება სჭირდება, დიდი ფინანსური დახმარება.
სადმე გინახავთ ქვეყანა, რომელიც განათლების სისტემას აკლებდეს თანხებს? ართმევდეს ისტორიულ შენობებს? ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მუზეუმებში არის უამრავი ოქროს და ძვირფასი მეტალების ხატები, სხვადასხვა ისტორიული ძეგლი, უძვირფასესი ნივთები, მოდით, ახლა ვიღაცას მოუვიდეს თავში, რომ რაში გვჭირდება, ტყუილად აწყვია მაინც ამ მუზეუმში, გადავადნოთ, ოქროს ზოდებად ვაქციოთ, მეტი მოგება იქნება, ფული დავაბანდოთო და გამდიდრდებიან ისევ ბიზნესმენები და კლანები…
ბიზნეს-კლანის ხელშია დღეს მთელი ქვეყანა. დეპუტატების უმრავლესობაც ბიზნესმენია, საკუთარ ჯიბეს მოარგეს ყველა კანონი და მთელი სისტემა, პოლიტიკური სისტემა, რომ რაც შეიძლება უსასრულოდ გამდიდრდნენ.
გეუბნებით, არ არსებობდა საქართველოსთვის რომელიმე დამპყრობელი, რომელსაც უფრო დიდი ზიანის მოტანა აზრად მოსვლოდა ქვეყნისთვის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. ამაზე უარესს ვერავინ იზამდა, რუსეთი დაგიპყრობდათ თუ მონღოლეთი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. არავის არ უკადრებია ამ ქვეყნისთვის ასეთი ფუნდამენტური ნგრევა. თვით რუსეთის იმპერიის კოლონიზაციაც რომ გავიხსენოთ.
რასაც ახლა ესენი აკეთებენ – ეს არის აბსოლუტურ ნულზე დაყვანა, სრული მოსპობა და განადგურება ყველა მიმართულებით. ჩვენ გვახსოვს ის მარაზმი, რომელსაც წულუკიანი ახორციელებდა – მაქსიმალურად დაასახიჩრა ამ ქვეყნის კულტურა. ახლა კი, ეს ვითომ განათლების რეფორმა სინამდვილეში არის ქვეყნის კასტრაციაა. ეს არის ქვეყნის კასტრაციის პოლიტიკა.
მართლა საუკუნოვანი ინსტიტუციების განადგურებაა. ჩვენ ვიქნებით მართლა რაღაც ნახირი, მომსახურე მონების მასა.
- რეალურად ხედავთ ამ საფრთხეს, რომ დავკარგოთ სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და ვიქცეთ ეთნიკურ ჯგუფად?
ეთნიკური ჯგუფიც უკვე შეიძლება აღარ ვიყოთ, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ემატება ჩამოსახლებები, ნუ იტყვით და უახლოესი მეგობრები ვყოფილვართ არაბებთან. აქ ეთნოსზეც აღარ არის ლაპარაკი – ეს იქნება რაღაც მობნეული ხალხის მასა, რომელიც გამოყენებადი შეიძლება იყოს მხოლოდ, როგორც მომსახურე პერსონალი. აი, მათ გაძვირებულ სუპერმარკეტებში.
სხვათა შორის, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, მას შემდეგ რაც დააანონსეს, ფასებს ვამცირებთო, ყველაფერი გაძვირებულია, იმდენად გაძვირებული, რომ ფაქტობრივად გადახდას აღარ ექვემდებარება ისევ და ისევ გარკვეული ფენისთვის.
რეალურად ჩვენ ფაქტობრივად გაქრობისკენ მივდივართ, სრული გაჩანაგების და განადგურებისკენ.
კიდევ გავიმეორებ: მე ვერ წარმომიდგენია რომელ დამპყრობელს შეეძლო ამაზე უარესი ზიანის მოტანა, რასაც ეს ხელისუფლება ახორციელებს. ეს არის სიძულვილი ამ ქვეყნის და მისი ხალხის მიმართ. მე სხვას ვერაფერს ვერ ვკითხულობ. ეს არის უზომოდ დიდი ზიზღი ამ ქვეყნის წარსულის და მისი მომავლის მიმართ. აი, რომ გძულს ვიღაც და გინდა ბოლომდე ამოძირკვო და გაანადგურო – ამას უკეთებს დღეს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს.
- ჩვენ, საზოგადოება რას ვაკეთებთ ამ დროს? თქვენ აღნიშნეთ – შეგვაგუესო. ასეა?
შემოდის წარმოუდგენელი რეპრესიული კანონმდებლობა, რომელსაც მართლა ანალოგი რუსეთსა და ბელორუსიაშიც კი არა აქვს. რუსეთს უზარმაზარი ძალა აქვს, რომ ეს განახორციელოს კანონის გარეშეც. ფეხებზე ჰკიდია პუტინს კანონები. საქართველოში ფაქტობრივად სრული გაჩანაგება მიდის ჯერ საკანონმდებლო დონეზე, ეკონომიკურ დონეზე – პარიზსა და ლონდონზე ძვირი ქალაქი რომ გახდა თბილისი – აი, უნდათ, რომ დაგახრჩონ ფიზიკურად, დაგახრჩონ ეკონომიკურად და გააქციონ მონად.
მათი მიზანია დაბალანაზღაურებად მომსახურე პროლეტარიატად გაქციონ. ეს არის მამოძრავებელი მოტივი – სიძულვილი: მე თქვენ მოგსპობთ! აი, ეს არის ივანიშვილის დიქტატურის და მისი გარემოცვის მიზანი.
წყვდიადმა დაიპყრო საქართველო, როგორც არასდროს, მგონი, ისტორიაში. მონღოლთა ბატონობის დროსაც კი, ამას ვერ შევადარებ, ვერც რუსეთის იმპერიას და ვერც საბჭოთა კავშირის ყველაზე უარეს დღეებს. ბოლშევიკური ტერორის პერიოდშიც კი, ასეთი დაკნინებული საზოგადოება და ასეთი მავნებლური მიზნებით არცერთი დამპყრობელი არ მახსენდება, რასაც დღეს ესენი აკეთებენ.
საქართველოს მოსახლეობის მართლა ძალიან დიდი ნაწილი სწორედ უცხოეთიდან გადმორიცხვებით არსებობს, იმდენად გააჩანაგეს და გაყვლიფეს ეს ქვეყანა, ადგილზე რეალურად თავს ვერ ირჩენენ ადამიანები.
სრულ განადგურებას უპირებენ საშუალო ფენას, რომელიც სწორედ საერთაშორისო დაფინანსებით არსებობდა, მათ შორის, მეცნიერების, განათლების, კულტურის სფეროებში – მთელი სოციალური კლასი განადგურებისკენ მიჰყავთ.
ფულადი გზავნილები, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან, უზარმაზარი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის, ისიც უნდა მოიჭრას. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდება საქართველოს მოსახლეობა. ფაქტობრივად, შემდეგი რა უნდა იყოს? – ბორკილების დადება და მონათა ბაზარზე გაყიდვა.
თუ ამას ბოლომდე ვინმე არ იაზრებს, არ ვიცი. ან ვის უნდა დააბრალოს მერე – „აი, რა დღეში ჩაგვაგდეს?“
- თუ იაზრებს, მაგრამ სვამს კითხვებს ოპოზიციის ერთობაზე, ლიდერის და გეგმის საჭიროებაზე?
ტოტალიტარული სისტემები, როგორიც არის ირანი, მაგალითად, თუ რუსეთი, ზუსტად მაგას აღწევენ, რომ არც პოლიტიკოსი დატოვონ, არც ლიდერი, საერთოდ არანაირი ორგანიზების საშუალება არ დატოვონ.
ვხედავთ, რომ ჭაობშია ჩაძირული ქვეყანა. ამის მიუხედავად, აი, ირანმა გვაჩვენა რამდენად დიდია ხალხის რისხვა ბოროტმოქმედი და დანაშაულებრივი სისტემის მიმართ. ირანის მოსახლეობა არის 90 მილიონი. ეს არის რეგიონში ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი, უზარმაზარი რესურსების ქვეყანა. მას ჰყავს 6-მილიონიანი ემიგრაცია, რომელიც საკუთარ თავს მიიჩნევს დროებით გაქცეულს ირანიდან. ამ დროს ჩვენ რაღაც 3.5 მილიონი კინკილა ხალხი ვართ იმასთან შედარებით დარჩენილი.
შეუძლია კი ამ გაჩანაგებულ, დემოგრაფიულ კატასტროფის ქვეშ მყოფ ქვეყანას გაუძლოს ასეთ ზეწოლას? – შედეგი უკვე ჩანს, რაც შეიძლება იყოს. ეს იქნება აბსოლუტური წაშლა და ამოძირკვა საქართველოს, ქართველი ერის სრულ გადაშენებამდე მიყვანა.
და ამას ახორციელებენ დღეს თავად ქართველები.




