შეთანხმებას პერსპექტივა არ გააჩნია, რუსეთიც და უკრაინაც ცდილობს დონალდ ტრამპს აჩვენოს, რომ თვითონ არ ჩაუშლია მოლაპარაკებები. შეხვედრები შეიძლება კვირები გაგრძელდეს , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა, რითაც სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით რუსეთ-აშშ-ს წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
გიორგი ლოლაძის განცხადებით, შეთანხმება, რომელსაც სთავაზობენ უკრაინას, ფრონტზე არსებულ ვითარებას არ ასახავს, რადგან არის ბევრად მძიმე პირობებით ვიდრე უბრალოდ რამდენიმე ქალაქის დაკარგვა ან თუნდაც მთელი დონბასის უბრძოლველად დათმობაა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ მას ომის დასრულება არ სურს.
„[ამერიკა-რუსეთის] მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგანაც მხარეების პოზიციები განსხვავებულია და გეგმები, რომლებიც წარმოდგენილია, არ ასახავს ფრონტზე არსებულ რეალობას. ერთი მხარე ვერ დათანხმდება ისეთ რეალობას, რომელიც არ ასახავს ფრონტზე არსებულ ვითარებას. ფრონტზე უკრაინას აქვს რთული ვითარება, რუსები აკონტროლებენ პოკროვსკის დიდ ნაწილს, ასევე შეტევები აქვთ დონბასის სხვა მიმართულებებსა და ხარკოვის ოლქში კუპიანსკის მიმართულებით, მაგრამ შეთანხმება, რომელსაც სთავაზობენ უკრაინას, არის ბევრად მძიმე პირობებით ვიდრე უბრალოდ რამდენიმე ქალაქის დაკარგვა ან თუნდაც მთელი დონბასის უბრძოლველად დათმობაა.
რაც გავიგეთ პუტინის ძალიან გრძელი განცხადებიდან, სადაც მთელი ფრონტის ხაზი მიმოიხილა და რუსეთის პოზიციები ჩამოაყალიბა, არის ის, რომ მას ომის დასრულება არ სურს. ის დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის არმია სრულად აიღებს დონბასის ოლქს. ამაში მას არწმუნებს ისიც, რომ საკმაოდ გაზრდილია წინსვლის ტემპი იმასთან შედარებით, რაც ერთი წლის წინ იყო. ეს არ არის ელვისებური წინსვლა და ფრონტიო არ არის ჩამოშლილი, მაგრამ იმ ფონზე, რომ მკვეთრად შემცირდა დასავლური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იმის გამო, რომ დონალდ ტრამპმა შეწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, არ არის საკმარისი იმ უპირატესობის დასაბალანსებლად, რაც რუსეთს გააჩნია, როგორც შეიარაღებაში, ასევე განსაკუთრებით ცოცხალ ძალაში“, – განაცხადა გიორგი ლოლაძემ.




