გიორგი ლობჟანიძე: წუხელ მთელი ღამე გავათენეთ: მე – საქართველოში, მანდანამ – ირანში

აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
წუხელ მთელი ღამე გავათენეთ:
მე – საქართველოში,
მანდანამ – ირანში.
მანდანა ირანელი მეცნიერია.
ერთხელ საქართველოშიც ყოფილა ჩამოსული,
წიგნების მაღაზიები დაუვლია, უყიდია ინგლისურად გამოცემული ქართული ლიტერატურის ნიმუშები.
იმის მერე ზის და თარგმნის,
თავისთვის,
უამრავი ქართული მოთხრობა თარგმნა სპარსულად
და უყვარს საქართველო.
ერთმანეთი პირადად არასდროს გვინახავს.
მხოლოდ ინტერნეტით ვუკავშირდებით ერთმანეთს.
მანდანა არის ირანულ უნივერსიტეტებში ლიტერატურული და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზატორი.
ძირითადად, ამ მიზეზით მიკავშირდება ხოლმე
და მეც ვკითხულობ მოხსენებებს მათ კონფერენციებზე,
ძირითადად, ქართულ ლიტერატურასა და კულტურაზე.
მანდანა ძველი სპარსული სახელია.
ლამაზი ქალის ლამაზი სახელი.
მანდანა მშვიდად იყო.
ღელვა მხოლოდ უძილობზე გვეტყობოდა.
შეიძლება, რაღაც ფრაზებზე ან სიტყვებზეც.
„სანამ ინტერნეტი გაითიშება,
ყოველ ნახევარ საათში მომწერე,
როგორა ხართ!”
„არაფერია.
ცოცხლები ვართ!”
„იცი, როგორ ვნანობ, თავის დროზე რომ ვერ შემოგთავაზე, ეგებ საქართველოში წამოსულიყავით”
„არა, ბატონო პროფესორო,
ჩვენ თეირანში ვრჩებით –
ყველა შემთხვევაში!”
„მესმის! მეც ზუსტად ასევე ვრჩებოდი თბილისში 2008 წელს,, მაგრამ…
ბავშვები, მანდანა?”
„ბავშვები სამშობლოსათვის იბადებიან!”
„დიახ! ადამიანი იბადება თავისი სამშობლოსთვის!
და თუკი მისი კულტურა და იდენტობა იღუპება,
ალბათ, ჯობია,
თვითონაც მასთან ერთად მოკვდეს!
მაგრამ, კულტურა სიცოცხლეა, მანდანა!”
„და ჩვენ მხოლოდ ამითი გადავრჩებით!”
ხუთი საათისკენ ჩამძინებია.
დილით გამეღვიძა თუ არა მობილურს დავეტაკე.
მანდანას ულტიმატუმის დროის ამოწურვისას
შაჯარიანის სიმღერა გამოუგზავნია სამშობლოზე,
პერსეოპლისის პოსტერებით გაფორმებული.
აქ, პერსეპოლისში,
ქვის სტელაზე
ადამიანის უფლებათა პირველი დეკლარაციაა ამოკვეთილი მსოფლიოში –
ირანული ცივილიზაციის დიდებული ყვავილი,
მანდანასავით!