“ხანდახან კი არა, ძირითადად, ადამიანს რუტინული საქმე გაძლევს ძალას, რომ სიცოცხლე გააგრძელო. ერთი ასეთი საქმე კარგახანია ჩემთვის იყო დიდი იტალიელი მწერლის, ახალი იტალიური რომანის ფუძემდებლის ალესანდრო მანძონის საეტაპო რომანის ” დანიშნულნის” ქართული თარგმანის რედაქტირება. ითვლება, რომ მანძონიმ ამ რომანით სრულიად ახალი ტიპის იტალიურ და, შესაბამისად, ევროპულ რომანს ჩაუყარა საფუძველი. თავის დროზე, ეს წიგნიც, როგორც იმ ტექსტების დიდი უმრავლესობა, რაც ქართულად არ იყო გამოცემული, სპარსულად ან არაბულად მაქვს წაკითხული (იმდენი ხანი გავიდა, აღარ მახსოვს!), მაგრამ მახსოვს ჩემი მაშინდელი ერთგვარი “საღვთო შური”: რა იქნებოდა, ეს დიდი წიგნი ქართულადაც გვქონოდა-მეთქი!
ეს ოცნება ამდენი წლის მერე ამიხდინეს ჩვენმა არაჩვეულებრივმა მთარგმნელებმა ნუნუ გელაძემ და მანანა ტოფაძე – გოიმანმა, რომლებმაც იტალიურიდან უზადოდ გადმოაქართულეს ალესანდრო მანძონის ეს შედევრი. ცალკე წიგნისა და ცალკე თარგმანის კითხვა ენითაუწერელი სიამოვნებაა!
ჩანს, რომ მანძონი, იტალიური სინტაქსის ნამდვილი ჯადოქარი, ამ რომანის შექმნისას ნამდვილად თავის სტიქიაში იყო. მშობლიური ენის ისეთი სიღრმისეული შრეები აქვს ათვისებული თავისი არც თუ მარტივი აზრების რაც შეიძლება დაწვრილებით გადმოცემისას, რომ ამ ყველაფრის გადატანა ნებისმიერ სხვა ენაზე ჩემთვის შემოქმედებით გმირობას უტოლდება.
დიახ, სწორედ ასეთი გმირობა ჩაიდინეს ნუნუ გელაძემ და მანანა ტოფაძე- გოიმანმა.
მათი ოსტატობის წყალობით, მკითხველი მანძონის უმძიმესი ხვეულებით დატვირთულ ტექსტს პირველ რამდენიმე გვერდზე თუ “გაუძლებს” და შეეჩვევა, მერე წინ თვალმარგალიტით სავსე მღვიმეების წყება გადაეხსნება.
ეს კლასიკური რომანია! – სიუჟეტით, მისი განვითარებით, მთავარი ინტრიგით, კვანძის შეკვრითა და გახსნით და, რა თქმა უნდა, უხვი ისტორიული თუ სამეცნიერო ექსკურსებით, რომელიც დღევანდელ მკითხველს შეიძლება ოდნავ გაწელილი და მომაბეზრებელი მოეჩვენოს, მაგრამ არა იმას, ვინც, ვთქვათ, ჰიუგოს რომანებზე გაიზარდა.
ამბავი ამბად, მაგრამ მანძონი თავისი რომანით ხელისგულზე გვიდებს აღწერილი ეპოქისა და უფრო მეტად – თავისი თანამედროვე იტალიის მთელ ემპირიულ, სულიერ თუ ინტელექტუალურ სინამდვილეს. პრობლემათა და შეკითხვათა წყებას, რაც იმ პერიოდის იტალიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და რომელთა გამოძახილსაც არც თუ იშვიათად ვხედავთ ჩვენს თანამედროვეობაშიც.
ჯერ მარტო შავი ჭირის აღწერა და შეფასება რად ღირს. ასე მეგონა, რამდენიმე წლის წინანდელ კორონას ეპიდემიის ამბებსა და შეფასებას ვკითხულობდი; შეფასებას, რომელიც გამორიჩევა, სიღრმით, სიზუსტითა და ზედმიწევნითობით.
სადღაც ისეთი შეგრძნებაც გამიჩნდა, რომ შავი ჭირის ეპიდემიამ შექმნა იტალიური პროზის ერთი უმნიშველოვანესი ნაკადი, რომელშიც ბოკაჩოს “დეკამერონთან” ერთად უსათუოდ იგულისხმება ალექსანდრო მანძონის “დანიშნულნიც”.
“დეკამერონსა” და მის მთარგმნელს თედო სახოკიას მანძონის ამ წიგნის თარგმანი კიდევ ერთი მთავარი ნიშნით – უზადო სტილისტიკითაც, ღრმა, უხვი, უმდიდრესი ქართულითაც გაგახსენებთ!
ნუნუ გელაძისა და მანანა ტოფაძის ნამუშევართან ხუნდება და არასაკმარისი მოჩანს ყველა აღმატებითი ეპითეტი!
მალე ” სულაკაურის გამომცემლობა” დაბეჭდავს ამ წიგნს და შეგიძლიათ, ჩემი სიტყვების სიმართლეში თქვენ თვითონვე დარწმუნდეთ!
მე კი უკვე მიხარია! გულმა არ მომითმინა და გაგიზიარეთ ჩემი სიხარული!
მაგრამ ერთი ნატვრაცა მაქვს: იგნასიო სალონეს ” პური და ღვინოც” მინდა წავიკითხო მშობლიურ ენაზე!
ანდა ალესანდრო მანძონის სხვა რომანებიც!” – წერს სოციალურ ქსელში პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე.