გიორგი კონდახიშვილი – ყველაფერი ნათელია – დიდი ალბათობით, ხვალ, პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს და დრო რომ არ დაეკარგათ, ეს შეთანხმებული იყო მოსამართლესთან, სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, სასამართლო პროცესი 30 მაისს, 14:00 საათისთვის გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზად მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროკურორების პროცესზე გამოუცხადებლობა დაასახელა.
დღევანდელ პროცესზე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა უნდა მომხდარიყო. სადავო საქმე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ნიკა მელიას გამოუცხადებლობას ეხება, რის გამოც სასამართლომ მას 50 000 გირაო დააკისრა.
ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ პროცესი ხვალ, 30 მაისს არ ჩაენიშნა, რადგან როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას სასამართლოში სხვა პროცესები აქვს დაგეგმილი. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული არ გაითვალისწინა და მელიას ბრალდების საქმეზე სხდომა 30 მაისს, 14:00 საათზე ჩანიშნა.
„ხელის გულზე დევს ყველაფერი. პროკურატურამ დღეს, ტექნიკურად მოიმიზეზა ტრენინგები, პროცესი გადადეს. ჩემი მოლოდინი გამართლდა, ვინაიდან ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ღამის 12 საათზე გადიოდა პროკურატურას არ ექნებოდა შესაძლებლობა დღევანდელ პროცესზე მისი დაკავება მოეთხოვა. როგორც ჩანს, ეს იყო შეთანხმებული სასამართლოსთან. მოგეხსენებათ, პროკურორებთან მიმართებით შესაძლებელია ნებისმიერი საფუძვლით პროცესის გადადება, ხოლო როდესაც მე, ადვოკატმა მოვითხოვე, რომ ხვალ მთელი დღე დაგეგმილი მაქვს, სხვა სასამართლო პროცესი და სხვადასხვა კლიენტებთან მიმართებით აქტივობები მაქვს-მეთქი, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის თხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ამით პირდაპირი მნიშვნელობით ირღვევა ნიკა მელიას დაცვის უფლება, ის არ ცხადდება პროცესზე და ერთადერთი, ადვოკატი წარმოადგენს მას პროცესზე, აღნიშნული მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ხვალ, 14 საათზე ჩანიშნა პროცესი. აქ ყველაფერი ნათელია. დიდი ალბათობით, ხვალ, პროკურატურა პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს და დრო რომ არ დაეკარგათ ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული იყო მოსამართლესთან. ვწუხვარ, ხელის გულზე დევს, რომ სასამართლო გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში“,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
მისი განმარტებით, ვინაიდან თავად, როგორც ადვოკატს, 30 მაისის დღე დაგეგმილი აქვს და სხვა საქმეებზე აქვს სასამართლო პროცესები, ნიკა მელიას პროცესზე გამოცხადდება თუ არა კლიენტთან, ანუ მელიასთან გაივლის კონსულტაციას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს სასამართლოს.
„სასამართლო ისე არის გასული სამართლებრივი სივრციდან, რომ ჩემი არგამოცხადება არ მგონია მათთვის დამაბრკოლებელი იყოს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით გამოიყენოს წინასწარ დაგეგმილი საპატიმრო ღონისძიება”,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.