გიორგი კონდახიშვილი – გამოკითხვის ოქმებში გდდ-ს სამი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მოისმინეს ჯილდოს თაობაზე ხაბეიშვილის ინტერვიუ, მიიღეს შეურაცხყოფად და აფასებენ, როგორც ქრთამის შეთავაზებას – ბრალდებები აბსურდულია

საქმეში მტკიცებულებები არის პოლიციელების პატაკები და მათი გამოკითხვის ოქმები, რომლებშიც გდდ-ს სამი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მოისმინეს ს ინტერვიუ საჯაროდ, სადაც საუბარი იყო ჯილდოზე, ეს მიიღეს შეურაცხყოფად და მათი შეფასებით, ეს არის პოლიციისთვის ქრთამის შეთავაზება,- ამის შესახებ ადვოკატმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილის მიმართ ბრალის წარდგენის შემდგომ განუცხადა.
როგორც ადვოკატმა სუს-იდან გამოსვლის შემდგომ აღნიშნა, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან, მიიჩნევენ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკავება და ამიტომ, მოლოდინი აქვთ, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდება.
„ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს სსკ-ის ორი მუხლით. ერთი მუხლით, მას ედავებიან იმას, რომ საჯაროდ მოუწოდებდა ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ თითქოს, და მეორე- როდესაც საუბარი იყო საჯაროდ, ათი ათასობით პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზებაზე. რა თქმა უნდა, ორივე ეს ბრალდება არის სამართლებრივად აბსურდული. საქმეში მტკიცებულებები, რაც მოვასწარით და გადავხედეთ, არის პოლიციელების პატაკები და მათი გამოკითხვის ოქმები, რომლებშიც გდდ-ს სამი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მოისმინეს ლევანის ინტერვიუ საჯაროდ, სადაც საუბარი იყო ჯილდოზე, ეს მიიღეს შეურაცხყოფად და მათი შეფასებით, ეს არის პოლიციისთვის ქრთამის შეთავაზება.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას – საჯარო სივრცეში, ასევე სუს-ის თანამშრომელი აკეთებს პატაკს, რომ ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს ხალხს მშვიდობიანი რევოლუციისკენ, მშვიდობიანი დამხობისკენ და ამ პატაკის საფუძველზე მას წარედგინა მეორე ბრალდება, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალადობით დამხობას. თავისთავად, ჩვენ გავეცანით ბრალდებას, ლევანი არ დაეთანხმა. მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მის ქმედებაში, როგორც იურისტი, რა თქმა უნდა, ვადასტურებ, რომ არ არის არავითარი დანაშაულის შემადგენლობა. ველოდებით აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლო პროცესს, სადაც ვეცდებით მივაწოდოთ ჩვენი არგუმენტაცია სასამართლოს“,- განაცხადა კონდახიშვილმა.
მისი თქმით, ხაბეიშვილის დაკავების განჩინება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გასცა. ადვოკატის თქმით, მოსამართლეს აბსოლუტურად არარელევანტური მსჯელობა აქვს წარმოდგენილი.
„მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არარელევანტური მსჯელობა აქვს. ის წერს: „წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის არის საშიში, უნდა მოხდეს მისი დაკავება, რადგან შესაძლოა დანაშაული გაგრძელოს და ხელისუფლება დაამხოსო“, დაახლოებით, ასეთი კონტექსტი აქვს მოსამართლე სიქტურაშვილს“,- განაცხადა კონდახიშვილმა.