სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მოვითხოვთ, მყისიერად დაიწყოს გამოძიება პოლიციის სამმართველოს შენობაში ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, – ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ასევე, პოლიციის შენობაში არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ამოღებას ითხოვენ.
„გუშინ, როდესაც ნიკა მელია უკანონოდ დააკავეს, გადაიყვანეს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში, სადაც როგორც ნიკა აღნიშნავს, მასზე სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვინმე ჩოქურის მხრიდან ძალადობა განხორციელდა. მართალია, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ის ჯერ კიდევ ითვლება საქართველოს პარლამენტის წევრად. მინდა, შევახსენო ყველას, რომ კონვენციური დანაშაულები არის ხანდაზმულობის მიღმა. შეიძლება, გავიდეს მრავალი წელი და ადამიანები მიცემული იქნან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ჩვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მოვითხოვთ, მყისიერად დაიწყოს გამოძიება ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, როდესაც იგი იყო დაკავებული და ხელბორკილდადებული პოლიციის სამმართველოს შენობაში. ასევე, ამოღებული იქნეს ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომელიც არის მრავლად პოლიციის შენობაში და მიეცეს აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება,“ – აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გუშინ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მოგვიანებით, კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
