ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრება „შავი ლაქაა“ ქვეყნისთვის. ბოლო წერილი, რომელიც კობახიძემ ტრამპს გაუგზავნა, ძალიან კარგი ილუსტრაციაა, თუ რა ცუდ დღეში იმყოფება ეს რეჟიმი. მათ არ აქვთ ქმედებების დიდი არჩევანი, ისინი გადასულები არიან რეპრესიებზე, – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა, გირაოს თანხის გადახდას კი არც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე აპირებენ. გიორგი კლდიაშვილის თქმით, პოლიტიკური ბრძოლის პროცესი მიმდინარეობს, პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ არ ემორჩილებიან რეჟიმის გადაწყვეტილებებს.
„ზოგადად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრება „შავი ლაქაა“ ქვეყნისთვის. ბოლო წერილი, რომელიც კობახიძემ ტრამპს გაუგზავნა, ძალიან კარგი ილუსტრაციაა, თუ რა ცუდ დღეში იმყოფება ეს რეჟიმი. მათ არ აქვთ ქმედებების დიდი არჩევანი, ისინი გადასულები არიან რეპრესიებზე. მათ შორის, მედიის მიმართ, როდესაც მედიის დაფინანსების ყველა საფუძველი გადაკეტეს, არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიები კი წლებია, რაც მიმდინარეობს. ცხადია, მიიღეს კანონი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს. ამის პარალელურად, მიმდინარეობს პროცესი, რაც ვითომ წინა რეჟიმის გასამართლებისთვის არის მიმართული. ვინც დაბარების შედეგად არ მივიდა კომისიაზე, იმ ადამიანების დევნა მიმდინარეობს. ცხადია, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის პროცესი. როდესაც არ აღიარებ შენ ამ რეჟიმს და ამბობ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, გაქვს საფუძველი არ მიხვიდე.
ფაქტია, რომ პოლიტიკური ბრძოლის პროცესი მიმდინარეობს. პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ არ ემორჩილებიან ამ რეჟიმის გადაწყვეტილებებს. არ მინდა, ასე მოხდეს, მაგრამ თუ რეჟიმმა ერთხელ გადაწყვიტა და დააკავა ირაკლი ოქრუაშვილი, დარწმუნებული ვარ, სხვა შემთხვევაშიც იმგვარადვე იმოქმედებენ და სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც დააკავებენ“, – აღნიშნა კლდიაშვილმა.
გარდა აღნიშნულისა, მან აქციების დროს დაკავებული პირების საქმეებიც შეაფასა. როგორც კლდიაშვილმა აღნიშნა, სასამართლო პროცესებზე ჩანს შეთითხნილი ბრალდებები, ცრუ მოწმეები და ის, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, იმის გამო სჯიან, რომ „რუსულ რეჟიმს ეწინააღმდეგებიან“.
„პოლიტიკური პატიმრები არიან ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან არამარტო ბოლო დროს მიმდინარე აქციების დროს, არამედ გასულ წელს, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამოსვლების დროს. ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებულები, უკანონოდ მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა. მიმდინარე საქმეები აჩვენებს, რომ არ აქვს ბრალდების მხარეს გამყარებული თავისი პოზიცია. მათი მოწმეები ვერ ადასტურებენ ბრალს. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ამ ადამიანების დევნას კონკრეტული მიზანი აქვს. ბრალდებები შეთითხნილია, ცრუ მოწმეები პოლიციელების, თუ იმ მოწმეების სახით, რომელიც ბრალდების მხარეს ჰყავს ამ ადამიანების წინააღმდეგ. მიუხედავად სისტემის მობილიზებისა, რომ დაამტკიცონ ბრალი, ამას ვერ ახერხებენ. სასამართლო პროცესები აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, გამოხატვის თავისუფლების გამო სჯიან, რადგან ამ რუსულ რეჟიმს ეწინააღმდეგებოდნენ“,- აღნიშნა კლდიაშვილმა.
გარდა ამისა, გიორგი კლდიაშვილმა ის ფაქტიც შეაფასა, რომ ლუქსემბურგში, ევროსაბჭოს ლიდერებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება დემოკრატიის უკუსვლის გამო და კონკრეტულ გამოწვევებზე მიუთითეს. როგორც კლდიაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც „რეჟიმმა, პარლამენტის ოკუპაცია მოახდინა, ერთი დადებითი კანონი არ აქვთ მიღებული, რასთან დაკავშირებითაც პარტნიორებს რეაგირება ექნებათ“.
„ამ რეჟიმის მიერ მიმდინარეობს რუსეთისკენ ვექტორის აღება. მეთოდები, კანონები, ანტიევროპული ქცევა წინააღმდეგობაში მოდის იმ მიზანთან, რაც არის მოსახლეობის სურვილი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როდესაც ხედავენ, რომ მიუხედავად ამხელა ძალისხმევისა, ეს რეჟიმი რუსულ ორიენტაციას იღებს და ზურგს აქცევს ევროკავშირს, ცხადია, კრიტიკა წამოვა.
კანონები, რომელსაც რეჟიმი იღებს, იმის საპირისპიროა, რაც ევროკავშირში ხდება, თან როდესაც ასეთი დრაკონული კანონების სერიას იღებს…საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტის ოკუპაცია მოახდინა რეჟიმმა, ერთი დადებითი კანონიც კი არ მიუღიათ! ყველა კანონი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, საზოგადოების რეპრესიებისთვის, მედიის რეპრესიებისთვის. ცხადია, ამ ყველაფერზე პარტნიორებს რეაგირება ექნებათ“, – აღნიშნა კლდიაშვილმა.
