გიორგი კირთაძის თქმით, ენმ-ის მანიფესტს ხელს არ მოაწერს

ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, პარტიის მიერ გუშინ, 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ მანიფესტს ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, ჩანაწერს, რომელშიც ენმ-ის ამჟამინდელი პოლიტიკური საბჭოს ლეგიტიმურობაზეა საუბარი, არ ეთანხმება.
“რატომღაც გაჩნდა მანიფესტის დანართი, სადაც წვრილი შრიფტით ჩაგვიწერეს მთავარი რამ, რომ პოლიტიკური საბჭოდან, თუ სხვა ორგანოებიდან იდეალისტი ადამიანების გაყრა თურმე ყოფილა ნორმა და ლეგიტიმაციის პრობლემა, შესაბამისად, ამ პოლიტიკურ საბჭოს არ ჰქონია, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ასე.
პოლიტიკური საბჭოდან იდეალისტთა უმრავლესობა იქნა გამოძევებული და ამ ყველაფრის ახლა ლეგიტიმურად გასაღება და ამ ხელმოწერის დასმა სწორად არ მიმაჩნია, განსაკუთრებით, მათ შორის იმის ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილმაც კი ძალიან ნათლად თქვა, რომ იყო შეცდომა და ნაჩქარევი პოლიტიკური საბჭოდან ამ ადამიანების გამოძევება. შესაბამისად, ამ დოკუმენტს ხელს ვერ მოვაწერ”, – აცხადებს კირთაძე.