გიორგი კინწურაშვილმა Touch.Point-ის პანელურ დისკუსიაზე „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის ქეისი განიხილა

ცოტა ხნის წინ თბილისში საერთაშორისო მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალი Touch.Point ჩატარდა, სადაც გლობალური და ადგილობრივი ბრენდების წარმომადგენლებმა აუდიტორიას გამოცდილება გაუზიარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში „მონაცემებზე დაფუძნებული ოსტატობა: აუდიტორიის სეგმენტაციისა და ტარგეტირების ინოვაციური მიდგომები სხვადასხვა ინდუსტრიაში“ მონაწილეობა მიიღო „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა, რომელმაც მარკეტინგში მონაცემთა ანალიტიკის მნიშვნელობაზე „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის მაგალითზე ისაუბრა.
გიორგი კინწურაშვილის განცხადებით, პანელურ დისკუსიაზე, Bolt-ის და VELI.store-ის წარმომადგენლებთან ერთად, მიმოიხილეს ის, თუ რა როლი აქვს მონაცემთა ანალიტიკას მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის დროს.
„პანელურ დისკუსიაზე, Bolt-ის და VELI.store-ის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ მიმოვიხილეთ ის, თუ რა როლი აქვს მონაცემთა ანალიტიკას მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის დროს. მარკეტერები მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება დაბალი დანახარჯით მისწვდნენ მაქსიმალურად ზუსტ აუდიტორიას. ამისათვის კი ყველანაირ ციფრულ მონაცემებსა და არხებს იყენებენ, რაც მათ სამიზნე აუდიტორიების გამოყოფასა და სწორ სივრცეში სწორი კონტენტით კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. აქედან გამომდინარე, პანელზე ვისაუბრეთ „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერზე, პლატფორმაზე, რომელიც ერთი მხრივ, ბიზნესს საშუალებას აძლევს, გააანალიზოს ტრანზაქციული მონაცემები და დაინახოს, თუ რა ქცევით ხასიათდება მისი მომხმარებლები, მეორე მხრივ კი მარკეტერებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან კამპანიები საბანკო არხებში და მისწვდნენ მომხმარებლებს, რომლებიც მსგავსი პროდუქტებით არიან დაინტერესებული“, – განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა.
პანელურ დისკუსიაზე განხილული იყო მეთოდები, რომლებსაც საერთაშორისო და რეგიონული ბრენდები მომხმარებლების სეგმენტაციისა და კამპანიების წარმოებისათვის იყენებენ. გიორგი კინწურაშვილმა კი დისკუსიის ფარგლებში განმარტა, თუ რა მონაცემებსა და ლოგიკებზე დაყრდნობით მუშაობს „საქართველოს ბანკის“ კამპანიების სივრცე და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს ამ მარკეტინგული ხელსაწყოების გამოყენება.
„Touch.Point ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მარკეტინგული ტექნოლოგიების გარშემო ტრიალებს. ვფიქრობ, თანამედროვე მარკეტერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცნობდნენ უახლეს ხელსაწყოებს. ღონისძიებაზე გამოცდილებას აზიარებენ ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Facebook, Spotify და ა.შ. შესაბამისად, ეს გამორჩეული პლატფორმაა ინფორმაციის გაცვლისთვის. მეორე მხრივ კი Touch.Point არის ძალიან კარგი საშუალება კომპანიებისათვის, რათა მისწვდნენ პროფესიონალებს, რომლებიც ციფრული მარკეტინგის სფეროში საქმიანობენ“, – განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა.
Touch.Point „საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“ გაიმართა.
„ფესტივალის მიზანი მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და ახალი შესაძლებლობების შექმნაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.