შვეიცარიის კონფედერაციაში პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება. შეხვედრები გაიმართება შვეიცარიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან, ასევე შეხვედრა იქნება შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შვეიცარიის ვიზიტის შეფასების დროს განაცხადა.
მისი თქმით, შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ ქვეყნის განვითარების გაზიარება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
,,შვეიცარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს. შვეიცარიასთან საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ბუნებრივია, ასეთი შეხვედრებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა განვავითაროთ. მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს იმისა, რომ შვეიცარიასთან სავაჭრო ურთიერთობები განვავითაროთ, მათ შორის ტურიზმის ნაწილში კიდევ შეიძლება ურთიერთობების განვითარება. შვეიცარია საინტერესო სახელმწიფოა იმ თვალსაზრისით, რომ დიდი გამოცდილების ქვეყანაა, ევროპაში ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, რომლისგან ბევრი რაღაცის გადმოღება შეგვიძლია,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.