გიორგი კახიანი – საკონსტიტუციო ინიციატივას საზოგადოების მხარდაჭერა ექნება – ყველაფერი სახალხო განხილვების დროს გამოჩნდება, რის შემდეგაც საინტერესო იქნება, რა პოზიცია ექნებათ ფსევდო-ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლებს

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საკონსტიტუციო ინიციატივას საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა ექნება – ეს ყველაფერი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს გამოჩნდება, რის შემდეგაც საინტერესო იქნება, რა პოზიცია ექნებათ ფსევდო-ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, – აღნიშნული განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა.
კახიანის თქმით, “ამ დრომდე ოპოზიცია იმის გამო სდუმს, რომ ერთის მხრივ, მოსახლეობის შიში აქვთ, რადგან იციან, რომ ოჯახური ღირებულებები საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო მეორეს მხრივ, თავს ანგარიშვალდებულად საკუთარი დამფინანსებლებისა და პატრონების წინაშე თვლიან“.
„წინ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გველის. კონსტიტუციური კანონის მიღებას წინ პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა უსწრებს. საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირების შემდეგ, შესაბამისი კომისია შეიქმნება და პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება. ჩვენ შეგვეძლება ამასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება მოვისმინოთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.
“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოზე – საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები