რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ საერთოდ, პრობლემას ვერ ვხედავ, როდესაც კონკრეტული პირების დასანქცირება ხდება – უმრავლესობის ყოველ წევრს გათავისებული გვაქვს, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს და ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის, სანქციებზე არის საუბარი, თუ რაიმე სხვა სახის ზომებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა უმრავლესობის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობაში სანქციების შესახებ შეტყობინებები არავის მიუღია და „ალბათ, ასეთი ფორმა არც არსებობს“.
როგორც კახიანი აღნიშნავს, აშშ-ს გადაწყვეტილება უსამართლო იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს, რადგან ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია.
„არ იყო ეს სწორი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში უნდა გადადგმულიყო ისეთ ნაბიჯები, რომელიც მდგომარეობის ნორმალიზებას მოახდენდა, იმიტომ, რომ ეს არის როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ამერიკული მხარის ინტერესში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ბუნებრივია, ურთიერთობების ნორმალიზება და კიდევ უფრო გაღრმავება ორივე მხარის ინტერესში უნდა იყოს. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველომ ერთგულების და ნდობის მეტი, მე მგონი, არაფერი დაიმსახურა ჩვენი პარტნიორების [მხრიდან]. მე მაინც მგონია, რომ ადრე თუ გვიან, ამ პროცესის ნორმალიზება აუცილებლად მოხდება. ეს არის ორივე მხარის ინტერესში, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი მოქმედებები უბრალოდ, ახანგრძლივებს ამ დროს.
მაშინ როდესაც „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო მოხდა პარლამენტის წევრების დასანქცირება, უბრალოდ გაუგებარია, პარლამენტის ერთი წარმომადგენელი თუ მოხვდა ამ სიაში, მაშინ რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი 83? იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად უჭერდა ამ კანონს მხარს და მით უმეტეს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს ამ კანონის მიღებას ,“ – განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა – შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.