გიორგი კაჭარავა – უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების 2 წლის თავზე ამ ომის პოლიტიკურ, ეკონომიკურ შედეგებზე მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. 2 წელია და მისი ხელისუფლება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას, რომლის მიზნად კრემლმა თავიდანვე დაასახელა უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია.
უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ თანამედროვე ცივილიზებულმა სამყარომ არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა და ცდილობს დაიცვას უკრაინა, როგორც სუვერენული ქვეყანა და მისი ტერიტორიული მთლიანობა, ომამდე არსებული უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა და საერთაშორისო სამართალი.
ომის დაწყებისთანავე ჩვენთან ბევრი ვარაუდობდა, რომ უკრაინა-ს ომი ჩვენ არ შეგვეხებოდა, მეტიც, კოლექტიური დასავლეთი და კრემლი მოლაპარაკებულიც კი იყვნენ „უკრაინის გაყოფაზე“, მაგრამ, ასე არ აღმოჩნდა.
ფაქტია, რომ უკრაინა-რუსეთის ომმა კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის ღირებულებათა ომის სახე მიიღო, რომელსაც თან ახლავს ეკონომიკურ-ფინანსური, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური და ჰიბრიდული ომები.
რუსეთის ლიდერი მუდმივად აცხადებს, რომ რუსეთისთვის, უკრაინა და დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრცე მისი სასიცოცხლო სივრცეა, რაც ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია.
მესმის და ვიცი, რომ იმაზე, რაზეც ვსაუბრობ, საკმაოდ ბევრი კითხვები არსებობს, რაზეც შევეცდებით ვიმსჯელოთ კიდეც, მაგრამ, მანამდე კითხვას ასე დავსვამ – უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ რამდენადაა შეცვლილი მსოფლიო და ცივილიზებული სამყაროს ომამდე არსებული უსაფრთხოების სისტემა?
– თქვენ სწორად აღნიშნეთ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ სერიოზული ზიანი მიაყენა არსებულ საერთაშორისო წესრიგს, უპირველეს ყოვლისა არსებულ უსაფრთხოების სისტემას. ომის მიმდინარეობის ორი წლის თავზე ჩვენ ნათლად ვხედავთ გამყოფ ხაზებს, რომლებიც აქამდე არსებობის მიუხედავად ასე აშკარად არ მწვავდებოდა. ეს მიუთითებს ადრე არსებული ბალანსის რღვევაზე დღევანდელ სამყაროში, რაც თავისთავად ცხადია უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს ქმნის გლობალური მასშტაბით.
რეგიონულ ჭრილში, უპირველეს ყოვლისა აღმოსავლეთ ევროპის გარდა ასეთი ცვლილებები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში. 7 ოქტომბრის ჰამასის მიერ მოწყობილ ფართომასშტაბიან ტერორისტულ ოპერაციას მოჰყვა არსებული უსაფრთხოების სისტემის რყევა მთელს რეგიონში.
ომის მიმდინარეობის ორი წლის თავზე ჩვენ ნათლად ვხედავთ გამყოფ ხაზებს, რომლებიც აქამდე არსებობის მიუხედავად ასე აშკარად არ მწვავდებოდა. ეს მიუთითებს ადრე არსებული ბალანსის რღვევაზე დღევანდელ სამყაროში, რაც თავისთავად ცხადია უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს ქმნის გლობალური მასშტაბით
ძნელად წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ მომხდარიყო სხვა დროს, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომმა ეტყობა შეაგულიანა ახლო აღმოსავლეთში მოქმედი დესტრუქციული ძალები, და ჩვენ მომსწრენი ვართ რეგიონში დესტაბილიზაციის ძალიან ძლიერ ტალღისა.
გარდა ამისა დესტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონშიც, სადაც ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემები კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა პრიშტინა-ბელგრადის ურთიერთობებში და ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგობრივ შიდაპოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით.
საბედნიეროდ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება ჯერ-ჯერობით ხერხდება ამერიკული და ზოგადად დასავლური მძლავრი გავლენის მეშვეობით.
არაერთგვაროვანი მდგომარეობაა შორეულ აღმოსავლეთში, სადაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ მოწმენი გავხდით კორეის ნახევარკუნძულზე წერტილოვანი სამხედრო დაპირისპირებებისა. გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ ამ რეგიონის ყველა ძირითადი მოთამაშეების მხრიდან მიმდინარეობს მილიტარიზაციის პროცესი, რაც ხსენებული გლობალური უსაფრთხოების სისტემის დეგრადაციის შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ.
იქმნება შთაბეჭდილება რომ მსოფლიო დიდი ომისთვის ემზადება და ეს უკვე გლობალური ტრენდი გახდა… უკრაინაში ომმა ამ პროცესების კატალიზატორის როლი შეასრულა, და ამით მსოფლიო უსაფრთხოების ბალანსი შეირყა
მკვეთრად გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ჩვენ ვხედავთ ასევე ყველა დასავლური დემოკრატიის მხრიდანაც. იქმნება შთაბეჭდილება რომ მსოფლიო დიდი ომისთვის ემზადება და ეს უკვე გლობალური ტრენდი გახდა. რატომ ხდება ეს? თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიო რუკას, პოტენციური საფრთხეების თვალსაზრისით, დღეს აშკარად ჩანს რომ სამყარო გაცილებით უფრო მეტი უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე დგას ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო. უკრაინაში ომმა ამ პროცესების კატალიზატორის როლი შეასრულა, და ამით მსოფლიო უსაფრთხოების ბალანსი შეირყა.
– რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა დიდ ზარალს განიცდის, მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა მისი ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანა.
კრემლში დიდი ხანია ხვდებიან, რომ არა უკრაინისთვის კოლექტიური დასავლეთისა და -ს დახმარება, კიევს რუსეთის წინაშე მოუწევდა კაპიტულირება. ახლა ყველაზე აქტუალურია აშშ-ში ბაიდენ-ტრამპის დაპირისპირების გამო შეძლებს თუ არა ამერიკა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას.
თუმცა, აშშ-ში ბაიდენ-ტრამპის დაპირისპირების ფონზე უკრაინისთვის დასახმარებლად გააქტიურებულია ევროპა. მეტიც, ევროპაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ახლა რუსეთი არა მხოლოდ საფრთხეა უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის. საუბარია იმ ევროპაზე, რომელიც აქამდე რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, ახლა აღარ და ისლანდიურ გაზში ბევრად ნაკლებს იხდის.
გერმანიამ თავისი სამხედრო წარმოების განსავითარებლად 100 მილიარდი ევრო გამოყო. ევროპის სხვა ქვეყნები მათი შესაძლებლობების მაქსიმუმ აკეთებენ უკრაინის დასახმარებლად.
მიუხედავად ამისა, ძნელია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინა-რუსეთის ფრონტზე. ახლა რუსული პროპაგანდა იმაზე მუშაობს, თითქოს კოლექტიური დასავლეთი მზადაა კრემლს გაურიგდეს არსებული სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად. რაც ნიშნავს იმას, რომ და ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს დარჩება.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კოლექტიური დასავლეთი და აშშ სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად კრემლს გაურიგდეს?
– ასე კითხვის დასმა ალბათ არ იქნებოდა მართებული. მე უფრო ვფიქრობ რომ დღეს მიმდინარე პროცესები ფრონტის ხაზზე, ისევე როგორც ეკონომიკაში, თუ პოლიტიკურ სივრცეში უნდა განვიხილოთ კომპლექსურად.
რა გვაქვს ჩვენ განსახილველი ამ თვალსაზრისით? ჯერ ერთი ამერიკაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც „რესპუბლიკური“ პარტიის გარკვეულ ნაწილსა და მთლიანად დანარჩენი პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ მიმდინარეობს, უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე.
ეს საკითხი, რთული და მრავალწახნაგოვანია, და მოიცავს აშშ-ს შიდაპოლიტიკური დინამიკის ფართო სპექტრს. მიუხედავად შეყოვნებისა, რომელსაც ოთხ თვეზე მეტია ვადევნებთ თვალს, დახმარება მაინც აღწევს უკრაინამდე, ოღონდ არა იმ რაოდენობით რაც საჭიროა.
ამ დახმარების გამოსაყოფად რამდენიმე სხვა ვარიანტიც განიხილება, მათ შორის კრედიტის სახით, რომელიც შემდგომში ევროპელი პარტნიორები აიღებენ თავის თავზე. ან კიდევ სხვა პროცედურული ნიუანსების გამოყენებით ხსენებული დახმარების პაკეტი მაინც დადგება კონგრესის წინაში კენჭის საყრელად, სადაც დიდი ალბათობით დამტკიცდება. ასე თუ ისე, აღნიშნული საკითხი ახლო მომავალში უნდა მოგვარდეს.
მიუხედავად შეყოვნებისა, რომელსაც ოთხ თვეზე მეტია ვადევნებთ თვალს, დახმარება მაინც აღწევს უკრაინამდე, ოღონდ არა იმ რაოდენობით რაც საჭიროა… უკრაინისთვის დახმარების საკითხი აშშ-ში ასე თუ ისე, ახლო მომავალში უნდა მოგვარდეს
შემდეგი მნიშვნელოვანი სიბრტყე გახლავთ ეკონომიკური, რომელიც ასევე სანქციების პოლიტიკას მოიცავს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის დასაკნინებლად, რათა მას არ ჰქონდეს საკმარისი საშუალებები ომის საწარმოებლად. ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ რეგულარულად ახალი სასანქციო პაკეტები მტკიცდება, რაც უფრო და უფრო მტკივნეული ხდება რუსეთისთვის.
თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაირი რესურსების მქონე ქვეყანაზე ეკონომიკური ზემოქმედება ძალზედ ძნელია. ამიტომ ჩვენ მოწმენი ვართ იმისა რომ მესამე ქვეყნების მეშვეობით რუსეთი მაინც ახერხებს ვაჭრობას მსოფლიო მასშტაბით, და ამით ეკონომიკური აქტიურობის შენარჩუნებას გლობალურ ბაზრებზე. შიდა ეკონომიკური თვალსაზრისით, გეთანხმებით რომ რუსეთმა ორი წლის განმავლობაში მოახერხა სამხედრო ინდუსტრიის ამუშავება და ამით განაახლა თავისი პოტენციალი გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციების საწარმოებლად.
კიდევ ერთი სიბრტყე, რომელიც თქვენს კითხვას პირდაპირ ეხება გახლავთ პოლიტიკური ასპექტი. ამ თვალსაზრისით, რუსეთი პრაქტიკულად იზოლირებულია სამყაროს ძირითადი პოლიტიკური ცენტრებისგან. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ მან ნაწილობრივ მოახერხა შეეკრა ქვეყნების გარკვეული წრე, რომლებიც ერთის მხრივ ომის წარმოებაში ეხმარებიან მას, იარაღის მიწოდებით, ან კიდე პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსეთთან სავაჭრო სფეროში.
ეს რუსეთს აძლევს საშუალებას მეტ-ნაკლებად მინიმუმამდე დაიყვანოს სანქციებით გამოწვეული და პოლიტიკურად განპირობებული პრობლემები და ზარალი, და ამით გაუძლოს დღეს არსებულ მისთვის რთულ ვითარებას.
ახლა რაც შეეხება პოტენციურ შეთანხმებებს უკრაინასთან დაკავშირებით – როგორც ამაზე არაერთხელ ითქვა საჯაროდ მსოფლიო ლიდერების მხრიდან, არანაირი გარიგება უკრაინაზე უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ მოხდება, და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია. ასეთი გარიგებისთვის უკრაინის მონაწილეობითაც კი, საჭიროა უკრაინის საზოგადოების თანხმობა.
არანაირი გარიგება უკრაინაზე უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ მოხდება, და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია. ასეთი გარიგებისთვის უკრაინის მონაწილეობითაც კი, საჭიროა უკრაინის საზოგადოების თანხმობა
ჩემი აზრით დღეს უკრაინის საზოგადოება და მისი უდიდესი უმრავლესობა არ არის მზად მისცეს მანდატი ასეთი სახის მოლაპარაკებებისთვის არც თავის მთავრობას და არც არავის სხვას.
– რუსულ სატელევიზიო პროპაგანდისტულ მედიაში დიდი ხმაური მოჰყვა უკრაინის დეპუტატ გონჩარენკოს კითხვას, რომელიც მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ბლინკენს დაუსვა.
კითხვა დაახლოებით ასე ჟღერდა – თუ უკრაინას ნატოში არ იღებენ, უკრაინას, რომელიც ბირთვული იარაღის მქონე რუსეთს ებრძვის, უკრაინას სხვა გზა არ დარჩენია აღადგინოს თავისი ბირთვული იარაღი…
გვახსოვს, რომ თავის დროზე, კერძოდ, 1994 წელს აშშ და დიდი ბრიტანეთი იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც კიევს უკრაინიდან ბირთვული იარაღის გატანის სანაცვლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტორები იყვნენ.
ვითარებაში, როცა ამერიკული დაზვერვის ცნობით მოსკოვი კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის გეგმებს ამუშავებს უკრაინის პოლიტიკურ წრეებში ასეთი მოსაზრებები რომ ისმის, გასაკვირი არაა.
გასაგებია, რომ ვაშინგტონისთვის სასურველი არ იქნებოდა უკრაინას ჰქონდეს თავისი ბირთვული იარაღი, მაგრამ, თუ რუსეთის შესაჩერებლად სხვა გზა არ გამოიძებნა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამერიკა უკრაინას ბირთვული იარაღის შექმნაში დაეხმაროს?
– ასეთი საუბრები გონჩარენკომდეც არა ერთხელ მოგვისმენია. ეს რთული საკითხია ნამდვილად. 1994 წლის მემორანდუმით უკრაინამ უარი თქვა მსოფლიოში რაოდენობრივად მესამე ბირთვულ არსენალზე, და მოირგო არაბირთვული ქვეყნის სტატუსი. მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ დოკუმენტის უხეში დარღვევისა უკრაინას ჯერ-ჯერობით ოფიციალურად უარი არ უთქვამს ამ ვალდებულებებზე.
არსებულ საერთაშორისო პირობებში, მიუხედავად უმძიმესი საომარი ვითარებისა უკრაინაში, მე ძნელად წარმომიდგენია უკრაინის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა, ბირთვული იარაღის შესაქმნელად უკრაინას ყველაფერი გააჩნია ადგილზე და არ მგონია რომ დიდად დასჭირდეს გარე დახმარება ამ საკითხთან დაკავშირებით.
მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვა იმას რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმას რეალურად არ ეყოლება მხარდამჭერები დასავლეთში.
საუბარი იმაზე, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ალბათ უფრო ემოციურია, ვიდრე რაიმე ხელშესახები შედეგის მქონე
ამგვარი ვითარება უპირველეს ყოვლისა განპირობებულია იმით, რომ უკრაინის ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება უბიძგოს სხვა ქვეყნებსაც ასეთი იარაღის შესაქმნელად. და მერწმუნეთ ბირთვული იარაღის ქონის მსურველი არაერთი მოიძებნება დღევანდელ სამყაროში.
სცენარის ამ კუთხით განვითარებამ შესაძლოა სამყარო ბირთვული საფრთხე სულ სხვა დონეზე აიყვანოს და აღნიშნული პროცესი, რომელიც დღეს მრავალი შემაკავებელი ხელშეკრულებითა და მკაცრად კონტროლირებადი წესებით იმართება, სრულიად უმართავი ან, კიდევ უარესი, ქაოსური შეიძლება გახდეს. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ალბათ უფრო ემოციურია, ვიდრე რაიმე ხელშესახები შედეგის მქონე.
– ორი წლის წინ უკრაინაში დაწყებულმა რუსულმა აგრესიამ ცხადად აჩვენა, რომ რუსეთს მხარს უჭერენ ავტორიტარული მმართველობის ქვეყნები – ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. ირანი და ჩრდილოეთ კორეა ღიად უჭერენ მხარ რუსეთს.
რაც შეეხება ჩინეთს, განცხადებებით იგი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ, ჩინეთის პრეზიდენტი არა ერთგზის მიმართვის მიუხედავად, აქამდე არ შეხვედრია უკრაინის პრეზიდენტს. მეტიც, პეკინის თანხმობის გარეშე ფხენიანი ვერ შეძლებდა რუსეთისათვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას.
ამას წინათ უცნაურადაც კი გაიჟღერა გაეროში ჩინეთის ელჩის მოწოდებამ ამერიკისადმი, რომ ვაშინგტონმა შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინა და რუსეთი დაუბრუნდნენ მინსკი -2-ის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც დონეცკისა და ლუგანსკი „რესპუბლიკები“ უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩნენ, მაგრამ, რეალურად, ამ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალები უნდა დარჩენილიყვნენ.
თავის დროზე მინსკი-2-ის ფორმატზე უკრაინამ უარი თქვა. თქვენი დაკვირვებით, უკრაინა-რუსეთის ომში რა პოზიცია უკავია ჩინეთს და რა გავლენას ახდენს ან შეიძლება მოახდინოს ამ პროცესში პეკინის პოზიციამ?
– ჩინეთი დიდი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა დღევანდელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მას გლობალური ამბიციებიც გააჩნია, და ეს ბუნებრივიცაა. თუ გახსოვთ ჩინეთმა რამდენიმე ხნის წინ წარადგინა უკრაინის საკითხის მოგვარების თავისი გეგმა. ეს იყო და მე ვფიქრობ ახლაც არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
სულ ცოტა ხნის წინ, დავოსში გამოსვლის დროს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა. ამით ჩინეთი ეჭვის ქვეშ არ აყენებს რუსეთის მიერ დონბასისა და სხვა ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების კუთვნილებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება სხვა ასპექტებს. ჩემი აზრით, გასულ წელს თავმჯდომარე სი ძინ პინ-სა და პრეზიდენტ ბაიდენის სან ფრანცისკოში გამართულ შეხვედრაზე მოხდა ამ საკითხზე პოზიციების შეჯერება. აღნიშნული შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების აქტუალურობა სხვათა შორის კიდევ ერთხელ დაადასტურა ბატონმა ვან ი-მ დავოსში გამოსვლის დროსაც.
ამიტომ, დღეს ჩინეთი აშკარად და აქტიურად არ ერევა უკრაინის პრობლემატიკის საჯარო განხილვაში, თუმცა ჩემი ვარაუდით, ძირითად პოლიტიკურ ცენტრებს შორის კონსულტაციები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს.
დასავლეთთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და ვაჭრობის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩინეთს აქვს პასუხისმგებლობიანი და ძალზედ დაბალანსებული მიდგომები რუსეთ-უკრაინის ომთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით
ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ჭრილშიც პეკინი საკმაოდ თავშეკავებულობას იჩენს. ცხადია რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ რუსეთზე დაწესებული სანქციების პირობებში წლიურად რეკორდულ 240 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
თუმცა, არც ესაა გასაკვირი, რადგან ერთის მხრივ ჩინეთმა შეისყიდა რუსეთის მიერ ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით ნახევარი, თავის მხრივ რუსეთიდან დასავლური კომპანიების გასვლამ შექმნა ვაკუუმი ბაზარზე, რომელიც ჩინური მწარმოებლებით შეივსო.
აქვე აღსანიშნავია, რომ რა თქმა უნდა ჩინეთს აწუხებს რუსეთზე დაწესებული სანქციები, რადგან არსებობს საშიშროება გარკვეული ჩინური კომპანიები სანქცირებულთა სიაშიც მოხვდნენ ამის გამო. მაგრამ რუსეთთან ხსენებული სავაჭრო ბრუნვა ვერანაირად შეედრება ჩინეთის ევროპასა და აშშ-ან ვაჭრობის ოდენობას.
ამიტომ, დასავლეთთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და ვაჭრობის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩინეთს აქვს პასუხისმგებლობიანი და ძალზედ დაბალანსებული მიდგომები რუსეთ-უკრაინის ომთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
– მას შემდეგ რაც უკრაინაში დაწყებული აგრესიის გამო რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესდა, რუსეთის საჰაერო სივრცეში მცირე გამონაკლისის გარდა არ ხორციელდება ფრენები, დახურულია რუსული პორტები, სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბევრ ცენტრალური აზიის ქვეყანას, რომლებსაც ევროპაში თავისი პროდუქცია გაჰქონდათ.
გააქტიურებულია არა მარტო საუბრები, არამედ მოქმედებს ე.წ. „შუა დერეფანი“, რომელიც საქართველოზე გადის და რომლის პერსპექტივები სულ უფრო იზრდება, რაც მეტად ჭიანურდება ომი უკრაინაში.
უკრაინა – რუსეთის ორწლიანმა ომმა რა გავლენა მოახდინა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე? მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე?
– მოახდინა და საკმაოდ შესამჩნევად. თქვენ სწორად ბრძანეთ, შუა აზიის ქვეყნები ლოჯისტიკურად ძირითადად მარაგდებოდა რუსეთის გავლით, სარკინიგზო ტრანსპორტით. არსებულმა მდგომარეობამ მთლიანად შეცვალა ჩვეული სატრანსპორტო ხაზები. ამან გამოიწვია საქართველოზე გამავალი „შუა დერეფანზე“ მოთხოვნილების ზრდა. გარდა ამისა, რუსეთისთვისაც საქართველო, და მისი სატრანზიტო ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა გარე სამყაროსთან სავაჭრო კონტაქტების განსახორციელებლად.
გარდა ამისა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის, ყაზახეთის და ს წევრობამ, და აქედან გამომდინარე, მათზე გამავალი და რუსეთისთვის განკუთვნილი ტვირთების რაოდენობის ზრდამ რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. ყოველივე ამან, გაზარდა ტვირთბრუნვა „შუა დერეფნის“ ქვეყნებში და აგრეთვე ნათლად გამოააშკარავა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, პორტების, რკინიგზის და საავტომობილო გზების, მოდერნიზაციის აუცილებლობის საკითხი.
შუა აზიის ქვეყნები ლოჯისტიკურად ძირითადად მარაგდებოდა რუსეთის გავლით, სარკინიგზო ტრანსპორტით. არსებულმა მდგომარეობამ მთლიანად შეცვალა ჩვეული სატრანსპორტო ხაზები. ამან გამოიწვია საქართველოზე გამავალი „შუა დერეფანზე“ მოთხოვნილების ზრდა. გარდა ამისა, რუსეთისთვისაც საქართველო, და მისი სატრანზიტო ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა გარე სამყაროსთან სავაჭრო კონტაქტების განსახორციელებლად
დადებით ფაქტორებთან ერთად, აშკარად გამოჩნდა უარყოფითი ასპექტები. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურ ტვირთებთან ერთად, არაკეთილსინდისიერ ბიზნეს სუბიექტებს გააჩნია დიდი ცდუნება გამოიყენონ აღნიშნული მარშრუტები სანქცირებული ტვირთების გადასაზიდად.
ამიტომაცაა დროდადრო ჩვენ აღმოვაჩენთ ხოლმე სანქცირებულთა სიაში ზოგიერთ კომპანიას რომელიც აშშ-სა თუ სხვა დასავლური ქვეყნის მიერ შემჩნეულია ასეთი ტვირთების და საქონლის გადაზიდვაში ან ვაჭრობაში.
ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს უქმნის „შუა დერეფნის“ ფუნქციონირებას და მიუთითებს მის მიმართ არა მარტო კომერციულ მიზიდულობაზე, არამედ სხვა სახის ყურადღებაზე, რომელიც სანქციების რეჟიმის არ დარღვევაზეა ორიენტირებული.
– ფაქტია, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მსოფლიო პოლიტიკაში გაზრდილია ტურბულენცია, მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, ვინც აგრესიული რუსეთის მეზობელია და კრემლისთვის საკმაოდ მოწყვლადია.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და ნატოსთან.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომის ფონზე რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა გაზრდილია, ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალისტები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი საზღვრები, მათ შორის რუსეთთან უფრო გამჭვირვალე და უსაფრთხო იყო, ამბობენ, რომ საქართველო ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინაშე კარგად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და საქართველოდან რუსეთში არ შედის სამხედრო წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია.
იმ ფონზე, რაც ახლა უკრაინაში და ჩვენს ირგვლივ ხდება, სადაა საქართველო და რამდენად წარმატებულ და პერსპექტივის მქონე საგარეო პოლიტიკას აწარმოებს იგი?
– გეთანხმებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ რთულ პერიოდში მეტად ფრთხილი და მოზომილიც არის. და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. ჩვენ რუსეთთან ძალზედ რთული ურთიერთობები გვაქვს. ამ ურთიერთობების მოგვარება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე შეუძლებელია.
ამავდროულად, მიუხედავად თვით რუსეთის მიმართ გლობალურად არსებული რთული დამოკიდებულების ფონზე, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოუგვარებლობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს კონფრონტაციაში. ამისთვის არც საქართველო და არც ჩვენი მოკავშირეები მზად არ არიან.
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოუგვარებლობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს კონფრონტაციაში. ამისთვის არც საქართველო და არც ჩვენი მოკავშირეები მზად არ არიან
მეტსაც გეტყვით, რეალისტურად არც რუსეთს აწყობს საქართველოსთან კონფრონტაცია ამ კონკრეტულ ეტაპზე. პარადოქსულია, მაგრამ, რუსეთისთვის საქართველოს მნიშვნელობა, მისი და მის ირგვლივ დღეს არსებული საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ძალზედ გაზრდილია.
მაგრამ, აქვე მინდა გაგახსენოთ წეღან რაზეც ვსაუბრობდით, გლობალური თვალსაზრისით უსაფრთხოების სისტემა დეგრადირებს. ეს ტრენდი შენარჩუნდება საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაში და, სავარაუდოდ, რაღაც პერიოდი განმსაზღვრელიც იქნება საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში.
საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით დასავლური კურსი, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, რა თქმა უნდა, უალტერნატივო მოცემულობაა საქართველოსათვის.
არც რუსეთს აწყობს საქართველოსთან კონფრონტაცია ამ კონკრეტულ ეტაპზე. პარადოქსულია, მაგრამ, რუსეთისთვის საქართველოს მნიშვნელობა, მისი და მის ირგვლივ დღეს არსებული საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ძალზედ გაზრდილია
ამასთან დაკავშირებით ერთ ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი – უსაფრთხოება, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის შიდა სტაბილურობისთვის, ისევე როგორც მისი საგარეო პოლიტიკის გატარებისთვის და ქვეყნის რეგიონული პოზიციონირებისთვის.
მაშინ როდესაც ქვეყანას აქვს მიღებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც უდავოდ დიდი პროგრესი და მიღწევაა, კარგად უნდა გვესმოდეს რომ ევროკავშირის ბოლოდროინდელი გაფართოების თარიღები, და ახალი ქვეყნების მიღება ხდებოდა მაშინ, როდესაც ახალი ქვეყნები პირველ ეტაპზე ნატოს წევრები ხდებოდნენ.
ასე და ამდაგვარად, ევროკავშირის წევრობა ერგება ქვეყანას მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს გადაწყვეტილი თავისი უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს პირობებში ასეთი გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობაზე და მის უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციის გზაზე გადის.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი