„აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღება-არმიღების თემა რატომაა ასე მიუღებელი აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობისათვის, სავარაუდოდ, რატომ მოითხოვს მოსკოვი სოხუმისაგან აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონების რუსული ფინანსებით განვითარებას, თუ ამ კანონის მიღების შემდეგ სრულად ამოქმედდა კანონები „ინვესტიციების შესახებ,“ სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში რა სურათს მივიღებთ აფხაზეთში, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან „აპარტამენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიეს. კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ მოაწერა. მიზეზად „დაძაბულობის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება დასახელდა.
არადა, მანამდე თვალს ვადევნებდით იმას, რომ „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია და მისი ადმინისტრაცია „აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღებას ჩქარობდა. შესაძლოა, კანონის მიღების სასარგებლოდ პროცესების დაჩქარება უკავშირდებოდა იმას, რომ 2025 წელს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და „პრეზიდენტმა“ ბჟანიამ, როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, მოსკოვის მოთხოვნით მანამდე უნდა მოესწრო მისი მიღება.
სავარაუდოდ, რამდენად დიდი იყო იმის ალბათობა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სახალხო მღელვარებები აფხაზეთში უმართავ ხასიათს მიიღებდა? ანუ, რეალურად რა შეიძლება ყოფილიყო კანონის გაწვევის მიზეზი?
– დღევანდელ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ნამდვილად დაძაბულია. ამ დაძაბულობის მიზეზები არა მარტო „აპარტამენტების შესახებ“ კანონია, არამედ, ზოგადი განცდა, რომ რუსეთი ღრმად შემოდის აფხაზეთში, და აღნიშნული კანონის განხილვა ამ ზოგადი განწყობის გამოხატვად უნდა მივიჩნიოთ.
მომავალი წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიც რა თქმა უნდა ქმნის დაძაბულ ვითარებას, რადგან მოგეხსენებათ, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობენ სხვადასხვა ძალები რომელთაც სურთ ე.წ. ხელისუფლებაში მოსვლა და ისინი ნებისმიერ მიზეზს იყენებენ არსებული ე.წ. ხელისუფლების ყველა ინიციატივის, მით უმეტეს მკვეთრად არაპოპულარულის, როგორიც აპარტამენტების თემაა.
კანონპროექტის გაწვევის მიზეზები სწორედ სოხუმის ხელისუფლების შიშით არის ნაკარნახევი, რადგან წინასწარ ცნობილი იყო რომ ინიციატივა „აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღება მკვეთრად უარყოფით რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში
რაც შეეხება კანონპროექტის გაწვევის მიზეზს, ეს მხოლოდ შიშის ფაქტორით აიხსნება.
ჩემი აზრით, ე.წ. ხელისუფლება არ იყო დარწმუნებული რომ აფხაზური დე-ფაქტო პარლამენტის წევრები დადებითად გადაწყვეტდნენ ამ კანონპროექტის ბედს. ამიტომ, რათა აერიდებინათ აშკარა დაპირისპირება დებატების დროს, არჩევანი კანონპროექტის გაწვევაზე გაკეთდა.
ამავდროულად, ეტყობა ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ შეძლებდნენ საპროტესტო მუხტის განეიტრალებას. შესაძლოა, თვით ე.წ. ძალოვან სტრუქტურებშიც კი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ე.წ. ხელისუფლების ასეთი ნაბიჯების მიმართ.
ამიტომ, ვფიქრობ, კანონპროექტის გაწვევის მიზეზები სწორედ სოხუმის ხელისუფლების შიშით არის ნაკარნახევი, რადგან წინასწარ ცნობილი იყო რომ ინიციატივა „აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღება მკვეთრად უარყოფით რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
– „აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღებაზე აფხაზეთში საუბარი, როგორც მინიმუმ, 7-8 წელია მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, აფხაზეთის კურატორებმა მოსკოვში ჩათვალეს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა იგი უნდა იქნას მიღებული.
როცა წლების წინ ამ კანონზე დაიწყეს საუბარი და მსჯელობა, მაგალითად მოჰყავდათ ამ საკითხებში ევროპის ქვეყნებში არსებული გამოცდილება. ვინც მაშინ ამ ვერსიას ემხრობოდა, ახლა დუმილს ამჯობინებს.
ვხედავთ, რომ „აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური წრეები და ახალგაზრდობა.
თუ წლების წინ საუბარი იყო „აპარტამენტების შესახებ“ კანონის აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებაზე, ახლა, ამ კანონის მიღებით იგეგმებოდა აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონების განვითარება.
სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ „აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღება-არმიღების თემამ ადგილობრივ საზოგადოებაში გამოიწვია არა მხოლოდ საპროტესტო განწყობები, არამედ მიტინგები ხელისუფლების წინააღმდეგ?
– კარგია რომ გაიხსენეთ „აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღება-არმიღების წინა ისტორია. ერთ მომენტს გავუსვამ ხაზს, კერძოდ, ახლიდან გადამუშავებული კანონპროექტი ეხება აღმოსავლეთ აფხაზეთს, ანუ ოჩამჩირის, გალის და ტყვარჩელის რაიონებს. გასულ წელს კანონპროექტში გეოგრაფიული ზონირება არ იყო მითითებული.
ეს ძალზედ საინტერესო საკითხია, რადგან დასავლეთ აფხაზეთში აღნიშნული ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად განვითარებულია, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. დამატებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი აფხაზეთის მკვიდრებს, და მათ წარმომადგენელ სხვადასხვა გავლენის ჯგუფებს, ეს იდეა არ მოსწონდათ და ამიტომ, არ გამოვრიცხავ იმასაც რომ ამ ჯგუფების აზრს ბჟანია, როგორც აღმოსავლეთი აფხაზეთის წარმომადგენელმა, გვერდი ვერ აუარა.
ამიტომ, სახეზე გვაქვს ე.წ. კანონპროექტის გადამუშავებული ვერსია სადაც აღმოსავლეთი აფხაზეთის ტერიტორიაა შეტანილი, როგორც ამ პროექტის რეალიზაციის ზონა.
გარდა ამისა, აფხაზეთში ომის შედეგად დარჩენილი მოსახლეობის წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ გაღატაკებულ და ხალხისგან დაცლილ ტერიტორიაზე, შეიძლება მასიურად შემოვიდეს, დიდი რაოდენობით, ეკონომიკურად გაცილებით შეძლებული მოსახლეობა, რომელიც რეალურად დაეპატრონება იქ არსებულ რესურსებს და ამან შესაძლოა ფართომასშტაბიანი, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ტერიტორიული ექსპანსიის სახე მიიღოს.
აფხაზეთში ომის შედეგად დარჩენილი მოსახლეობის წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ გაღატაკებულ და ხალხისგან დაცლილ ტერიტორიაზე, შეიძლება მასიურად შემოვიდეს, დიდი რაოდენობით, ეკონომიკურად გაცილებით შეძლებული მოსახლეობა, რომელიც რეალურად დაეპატრონება იქ არსებულ რესურსებს და ამან შესაძლოა ფართომასშტაბიანი, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ტერიტორიული ექსპანსიის სახე მიიღოს
ამისთვის, სიმართლე გითხრათ, ყველა პირობა არსებობს და ჩემთვის გასაგებია აფხაზეთში დარჩენილი, და გარდა ამისა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წუხილები ამ საკითხთან დაკავშირებით.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ შესანიშნავი 200 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის მაცხოვრებლების უმეტესობა დღეს დევნილია, და ამ მოსახლეობის ქონების და საქართველოს სახელმწიფოს საკუთრების უკანონო გასხვისებაზეც მიდის საუბარი.
– რამდენად საფუძვლიანია „აფხაზური შიშები“ რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში „აფხაზები თავის ქვეყანას დაკარგავენ“?
– როგორც უკვე ვახსენე, ეს შიშები ძალიან საფუძვლიანად მიმაჩნია. მარტივად რომ ვიმსჯელოთ, აფხაზეთში დღეს შექმნილი დემოგრაფიული, ეკონომიკური და ქონებრივი მდგომარეობა არის კონფლიქტის შედეგი. ამ კონფლიქტში აფხაზურ ეთნოსს თავი გამარჯვებულად მიაჩნია და ამიტომ ფსიქოლოგიურად გამარჯვებულის პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს.
ამაში ვგულისხმობ ყველა იმ რესურსის და ქონების განკარგვის უფლებას, რომელიც უკანონოდ, მაგრამ მაინც ხელში ჩაიგდო იქ დარჩენილმა მოსახლეობამ. კერძო უცხოური ბიზნესის გამოჩენის პირობებში და ამ რესურსების გადანაწილების შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობას ხსენებული ბერკეტები ხელიდან გამოეცლება.
ვგულისხმობ ყველა იმ რესურსის და ქონების განკარგვის უფლებას, რომელიც უკანონოდ, მაგრამ მაინც ხელში ჩაიგდო იქ დარჩენილმა მოსახლეობამ. კერძო უცხოური ბიზნესის გამოჩენის პირობებში და ამ რესურსების გადანაწილების შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობას ხსენებული ბერკეტები ხელიდან გამოეცლება
ელემენტარულად რომ ვიმსჯელოთ, საცხოვრებელი კომპლექსების აშენებას მოჰყვება, სავარაუდოდ, არა მარტო მოსახლეობა, არამედ ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ეს მოსახლეობა მიჩვეულია. ანუ ლაპარაკია მაღაზიათა ქსელებზე, სარესტორნო ბიზნესზე, და სერვისებზე, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში არ არსებობს.
რა თქმა უნდა, აქ უმეტესად საუბარია რუსულ კაპიტალზე და შესაბამისად რუსულ ეკონომიკურ ექსპანსიაზე. გამომდინარე აქედან ადვილი მისახვედრია რომ აფხაზური ბიზნესი, თავისი რესურსებით და განვითარების დონით ვერანაირად ვერ გაუწვევს კონკურენციას ასეთ მოზღვავებულ ტალღას.
საცხოვრებელი კომპლექსების აშენებას მოჰყვება, სავარაუდოდ, არა მარტო მოსახლეობა, არამედ ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ეს მოსახლეობა მიჩვეულია. ანუ ლაპარაკია მაღაზიათა ქსელებზე, სარესტორნო ბიზნესზე, და სერვისებზე, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში არ არსებობს
გარდა ამისა, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ მაგალითისთვის ოჩამჩირის რაიონში მოსახლეობის რაოდენობა, ქართველების განდევნის შედეგად, ძალიან მწირია და ამ თვალსაზრისითაც რამდენიმე ათეული ათასი უცხოელის ჩასახლებით, დემოგრაფია მკვეთრად შეიცვლება ადგილობრივი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ. ამიტომ, პესიმისტური განწყობების საფუძველი ამ პროექტთან დაკავშირებით ჩემთვის სავსებით გასაგებია.
– რადგან ადგილობრივი საზოგადოება ამტკიცებს, რომ „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიასაგან „აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღებას მოსკოვი მოითხოვს, სავარაუდოდ, რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, როცა სოხუმის ხელისუფლებისაგან აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონების განვითარებისათვის ფინანსების გამოყოფა სურს?
– არა მგონია რომ რუსეთი ითხოვდეს მხოლოდ აღმოსავლეთ აფხაზეთში ამ პროექტების განხორციელებას. ვფიქრობ, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია მთელ აფხაზეთში განხორციელდეს აღნიშნული კომპლექსების მშენებლობა და მისი მოქალაქეების იქ ჩასახლება.
შესაძლებელია, შიდა წინააღმდეგობების გადალახვის მიზნით ბჟანიამ და მისმა ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა აპარტამენტების აშენება აღმოსავლეთ აფხაზეთში, როგორც საპილოტო და სატესტო ინიციატივა, რომელიც მერე გავრცელდება ოკუპირებული აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე.
ამით ბჟანია აიცილებდა ერთბაშად აფხაზური საზოგადოების ყველა რეგიონული ელიტების წინააღმდეგობის გადალახვას. პროექტის რეალიზაციის ტემპის შენელებით, თეორიულად შესაძლებელია დროში გაწელილი, მაგრამ მიზანმიმართული პროცესი უფრო რეალიზებადი გამხდარიყო.
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ტერიტორია ახლოს მდებარეობს ენგურის გამყოფ ხაზთან, რომელიც ზოგადად კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ მიიჩნეოდა როგორც დე-ფაქტო ბუფერული ზონა.
ძნელად ასახსნელი არაა, თუ ეს ე.წ. ბუფერული ზონაში აქტიურად ჩაასახლებდნენ რუსეთის მოქალაქეებს, ახლად შექმნილი ვითარება გარკვეული ინდივიდების წარმოდგენაში აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი დამატებითი და ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება გამხდარიყო.
თუ ეს ე.წ. ბუფერული ზონაში აქტიურად ჩაასახლებდნენ რუსეთის მოქალაქეებს, ახლად შექმნილი ვითარება გარკვეული ინდივიდების წარმოდგენაში აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი დამატებითი და ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება გამხდარიყო
რამდენად მომგებიანია ფინანსურად ოკუპირებული აფხაზეთისთვის ასეთი პროექტების რეალიზაცია, ძნელი სათქმელია.
იმის გათვალისწინებით რომ ასეთი პროექტებისთვის ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად თავიდანაა შესაქმნელი. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე ჩასასახლებლად გარკვეულო „კონტინგენტია“ მოსაძებნი, აღნიშნული პროექტები შესაძლოა კომერციულ აზრს მოკლებულიც კი იყოს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ ჩასასახლებელ „კონტინგენტზე“ ბევრი რამეა დამოკიდებული. ასეთი პროექტის მომხმარებლები სავსებით შესაძლებელია გახდნენ უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროები, რომლებიც ასეთ საცხოვრებელს პრემიისა ან ჯილდოს სახით მიიღებენ.
რა თქმა უნდა ეს სპეკულაციაა, მაგრამ ჩვენ ჰიპოთეზურ სცენარებზე თუ ვსაუბრობთ, ეს სავსებით რეალისტური შეიძლება აღმოჩნდეს.
– ვიცით, რომ 2024 წლის ბოლოსთვის დაანონსებულია სოხუმის (ბაბუშარას) აეროპორტის მშენებლობის დასრულება და ამ აეროპორტში დაიწყებენ ფრენებს რუსული კომპანიები.
თუ „აპარტამენტების შესახებ“ კანონი იქნა მიღებული, რომლის შემდეგაც სრულფასოვნად ამოქმედდება ხელშეკრულება „ინვესტიციების“ შესახებ, ასეთ შემთხვევაში საბოლოოდ, აფხაზეთში როგორ სამართლებრივ და პოლიტიკურ სურათს მივიღებთ?
– მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. ეს ბევრად ფართო თემაა ვიდრე მხოლოდ ცალკე აღებული აეროპორტის რეაბილიტაცია ან რუსეთ-აფხაზეთის ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულების პროექტი.
აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოჩამჩირის პორტის სამხედრო დანიშნულების თვალსაზრისით გაფართოებაც. მაგრამ, გარდა ამისა ამავე პორტში მიმდინარე საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა არ უნდა გამოგვრჩეს თვალსაწიერიდან, რომელიც სავარაუდოდ ამა წლის სექტემბერში დასრულდება.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოჩამჩირის პორტის სამხედრო დანიშნულების თვალსაზრისით გაფართოებაც. მაგრამ, გარდა ამისა ამავე პორტში მიმდინარე საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა არ უნდა გამოგვრჩეს თვალსაწიერიდან, რომელიც სავარაუდოდ ამა წლის სექტემბერში დასრულდება
მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ და ბაბუშარას აეროპორტზე ვისაუბროთ. წინასწარ მინდა გითხრათ რომ ბაბუშარას აეროპორტი საბჭოთა კავშირის დაშლის დროისთვის ტექნიკურად ყველაზე თანამედროვე და გამართული ინფრასტრუქტურით გამოირჩეოდა საქართველოში. მისი ბოლო რეკონსტრუქცია მოხდა გასული საუკუნის 80-იან წლებში.
ამ სამუშაოების შედეგად განახლდა სანავიგაციო აღჭურვილობა, აშენდა ახალი სამოქალაქო ტერმინალი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, დაგრძელდა ასაფრენი ბილიკი, რომლის სიგრძეც 3600 მეტრს მოიცავს, და არსებული ყველა ტიპის თვითმფრინავის მიღება შეუძლია.
შესადარებლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე ბოლო რეაბილიტაციის შემდეგ 3000 მეტრია. გარდა ამისა, ბაბუშარას აეროპორტი, უნიკალურია თავისი მდებარეობით და კლიმატური პირობებით. ის თითქმის არასოდეს იხურება ცუდი ამინდის გამო. ასეთი ობიექტი, არსებულ ვითარებაში, გაჟღერებული ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით არ შეიძლება იყოს გამოყენებული.
შავი ზღვის აუზში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, და რუსეთის შორეული ავიაციის ბაზირების ლოკაციების დივერსიფიკაციის მიზნით, სავსებით შესაძლებელია, რეაბილიტაციის შემდეგ ბაბუშარას აეროპორტი, ამა თუ იმ ფორმით, გამოყენებულ იქნეს სამხედრო მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. მით უმეტეს დღესაც მასზეა ბაზირებული ე.წ. აფხაზური სამხედრო ავიაციის რამდენიმე საფრენი აპარატი.
შავი ზღვის აუზში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, და რუსეთის შორეული ავიაციის ბაზირების ლოკალიზების დივერსიფიკაციის მიზნით, სავსებით შესაძლებელია, რეაბილიტაციის შემდეგ ბაბუშარას აეროპორტი, ამა თუ იმ ფორმით, გამოყენებულ იქნეს სამხედრო მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. მით უმეტეს დღესაც მასზეა ბაზირებული ე.წ. აფხაზური სამხედრო ავიაციის რამდენიმე საფრენი აპარატი
აქვე აღსანიშნავია აქტიური სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო ქსელის რეაბილიტაციის მიმართულებით, რომელიც რუსეთის რკინიგზის უშუალო ჩარევით ხორციელდება.
ამისთვის რამდენიმე ახალი, გაზრდილი სიმძლავრის ელმავალი გადაეცა ე.წ. აფხაზეთის რკინიგზას, რამაც მკვეთრად გაზარდა ამ უკანასკნელის ტვირთ გადაზიდვის პოტენციალი.
თუ ამას დაუკავშირებთ ოჩამჩირის პორტში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობას და გახშირებულ საკონტეინერო მატარებლების კურსირებას რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით, აშკარად გამოჩნდება რუსეთის განზრახვა ხსენებული ინფრასტრუქტურა გამოიყენოს თავისი კომერციული და ალბათ არა მარტო კომერციული მიზნებისთვის. ყოველ შემთხვევაში ვითარების ლოგიკა ასთ შესაძლებლობებზე მიუთითებს.
თუ ამას დაუკავშირებთ ოჩამჩირის პორტში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობას და გახშირებულ საკონტეინერო მატარებლების კურსირებას რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით, აშკარად გამოჩნდება რუსეთის განზრახვა ხსენებული ინფრასტრუქტურა გამოიყენოს თავისი კომერციული და ალბათ არა მარტო კომერციული მიზნებისთვის. ყოველ შემთხვევაში ვითარების ლოგიკა ასთ შესაძლებლობებზე მიუთითებს
ამიტომ, თუ ხსენებული ფაქტებით ვიმსჯელებთ, და დიდ სურათს შევხედავთ, გამოჩნდება რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის ათვისების შემდგომი ეტაპი. ამის ინტერესი და აუცილებლობა ნაკარნახებია შეცვლილი რეგიონული გეოპოლიტიკით.
ამგვარად, ბჟანიას ე.წ. ხელისუფლება თუ ვინმე სხვა, დღევანდელ ოკუპირებული აფხაზეთის რეალობაში ამას პროცესს ვერ შეაჩერებს. სამწუხაროდ, ეს ძალზედ ცუდია საქართველოს სახელმწიფოსთვის, რადგან სტატუს-კვოს ასეთი მკვეთრი ცვლილებები ძალზე უარყოფითად აისახება ქვეყნის ინტერესებზე.
გარდა ამისა, ყოველივე ზემოხსენებული ნაბიჯები არღვევს როგორც კანონს „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ“, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებს და წარმოადგენს დანაშაულს.
იმედია ყოველივე ამაზე შესაბამისი პირები კანონისა და სამართლის წინაშე სათანადოდ აგებენ პასუხს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი