საგამოძიებო ორგანოში მიიყვანეს ავადმყოფი ადამიანი, მას საკმაოდ მძიმე დაავადებები აწუხებს, მისი ჩვენება კი გიორგი კანდელაკის დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა – ბორის გოგიჩაიშვილის მხრიდან გაგზავნილი შეტყობინებები თუ სურათები არ ნიშნავს, რომ იგი გიორგი კანდელაკს რაიმეს უთანხმებდა,- ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის, ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „საგამოძიებო უწყებამ ამოიღო ალკოჰოლური სასმელები, მაგრამ კითხვაზე – შემხებლობაშია თუ არა გიორგი კანდელაკი აღნიშნულთან საქმესთან, პასუხი არის – არა“.
„წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით გიორგი სრულიად უდანაშაულოა, თუმცა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები შესაძლოა იძლეოდა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში, უმკაცრესი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
დღეს, სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და მხოლოდ ფორმალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. სამწუხაროდ, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება აკნინებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
საგამოძიებო ორგანოში მიიყვანეს ავადმყოფი ადამიანი, მას საკმაოდ მძიმე დაავადებები აწუხებს, მისი ჩვენება კი გიორგი კანდელაკის დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა, ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენებაზე მაქვს საუბარი.
ბორის გოგიჩაიშვილის მხრიდან გაგზავნილი შეტყობინებები თუ სურათები არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეს უთანხმებდა, ამას კი ჩვენ სამართლებრივად ავხსნით. არანაირი სახის შემხებლობა ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმასთან თუ რეალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით არ ჰქონია. დღეის მდგომარეობით, სასმლის რეალიზაცია კომპანიას არ უდასტურდება. ამოღებულია ალკოჰოლური სასმელები, მაგრამ ჩვენს კითხვას – შემხებლობაშია თუ არა გიორგი კანდელაკი აღნიშნულთან, პასუხი არის – არა“,- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.
მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.
