გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ღალატის ძიება, შიდა ომი და 4 ოქტომბრის მოლოდინი

ღალატის ძიება, შიდა ომი და 4 ოქტომბრის მოლოდინი გასული კვირა დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით, რომელიც შემდგომი პოლიტიკური პროცესების დინამიკის განმსაზღვრელ ნიშნულად შეიძლება იქცეს.
თბილისში, კალაძის საარჩევნო შტაბის წინ განვითარებულმა სცენამ ბევრი რამ ამოატივტივა ზედაპირზე. იმაზე არ შევჩერდები, რაოდენ ამაზრზენად იქცეოდნენ კალაძის ზონდერები, განსაკუთრებით ქალების მიმართ – აქცენტს პოლიტიკურ მდგენელზე დავსვამ: „ოცნებამ“ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ სცადა შიშველი ძალის დემონსტრირებით დაეკომპენსირებინა ღია, საჯარო, როგორც პირობითად მას ვუწოდებთ – ქუჩის პოლიტიკურ პროცესში დაკარგული გავლენა. როგორ დასრულდა ეს მცდელობა? მეორე დღეს – რაოდენობრივად რამდენჯერმე უფრო მასშტაბური და მუხტით სავსე საპროტესტო აქციით, ხოლო გუშინ – კიდევ უფრო გრანდიოზული მსვლელობით.
რა თქმა უნდა, რეჟიმის მიერ უკიდურესად გამკაცრებულმა საკანონმდებლო-რეპრესიულმა მექანიზმებმა შედეგი გამოიღო; თავისი როლი ითამაშა იმანაც, რომ საპროტესტო პროცესში მონაწილე ადამიანებს ასეთი უწყვეტი და დროში განგრძობადი, სისტემური აქტივობის რესურსი ხშირად არ აქვთ. მაგრამ სწორედ ამ ველის არასწორად წაკითხვამ უბიძგა ხელისუფლებას ფიქრისკენ, თითქოს ქუჩაშიც შეიძლებოდა ღია შეტევაზე გადასვლა – და ეს შეტევა სამარცხვინო, დემონსტრაციული მარცხით დასრულდა.მარტივად – „ოცნებამ“, ამ შემთხვევაში – თავად კალაძემ გარისკა და წააგო.
მმართველი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა საარჩევნო კამპანიას ატარებს ქალაქში, რომლის ქუჩებშიც მისდამი უკმაყოფილება პიკს აღწევს. ეს იმდენადვე თვალსაჩინოა, რამდენადაც 2 საათიანი წვიმის შემდეგ კალაძისავე გარემონტებულ ქუჩებში დამდგარ ტბორებში ამოტივტივებული ნაგავი. მაგრამ ქალაქის დატბორვის მიღმა „ქართულ ოცნებას“ უფრო სერიოზული პრობლემებიც აქვს. კობახიძის ჯგუფს აშკარად გადაუწყვეტია ივანიშვილის ვერტიკალში მოქმედი, გარკვეული რესურსების მქონე დაჯგუფებების სრული განეიტრალება. ამის გამოხატულებაა თავდაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაკავებები, ვიცე-გუბერნატორებისა და იმ წრის ფიგურების სისხლის სამართლებრივი დევნა და სამსახურებიდან მასობრივი გათავისუფლებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ღარიბაშვილის, ლილუაშვილის ან გომელაურის გარემოცვას წარმოადგენენ. ამავე მიზანს ემსახურება ყოველდღიური საჯარო განცხადებები კობახიძის „ეფექტიანობაზე“, რასაც წინ უძღვის წინამორბედების ღია დადანაშაულება — კრიმინალურ-ნარკოტიკული ქსელების მფარველობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების ფლანგვასა და არაეფექტურ გამოყენებაში.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. კობახიძის ჯგუფის ამოცანაა, სუს-ის და თავის კონტროლქვეშ მყოფ სამთავრობო პროპაგანდასთან ერთად პირადად ივანიშვილი დაარწმუნონ, რომ მისი გუნდის სხვა წევრები – ცხადი მინიშნებით ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე – მოღალატეები არიან და ოპოზიციისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს და ფინანსურ ზურგს წარმოადგენენ. თან ეს ყველაფერი ხდება 4 ოქტომბრის მოლოდინის კონტექსტში. ანუ დრო ცოტა რჩება. პასუხისმგებლობის აღება პროცესების კონტროლზე /მდინარაძეს გაუჭირდებათ, თუ გადამჭრელ ზომებს, პირველ რიგში, მათგან “გაგდებულებად” მოხსენიებული თანაგუნდელების მიმართ არ გაატარებენ ( რადგან მთავარი საფრთხე ჩანაწერების, თუ სხვა მტკიცებულებების, ან თუნდაც ფინანსური კუთხით მათში ხედავენ). ამისთვის ბიძინას ნებართვა სჭირდებათ, რომელიც იგვიანებს და შესაბამისად, გარემოებებით შანტაჟის ტემპერატურაც მატულობს. კობახიძის დაჯგუფება მანიპულირებს რა სიტუაციით, შესწავლილი აქვს პატრონის არამდგრადი ხასიათი და უკიდურესად ეჭვიანი ბუნება, ცდილობს ივანიშვილს თავს თამაშის ახალ წესები მოახვიოს. თუ ადრე, ოცნების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები ერთ ქოცურ სივრცეში თანაცხოვრობდნენ და ეს თვით ივანიშვილსაც აძლევდა მანევრირების შესაძლებლობებს, ახლა ყველაფერი ერთი ცენტრის – კობახიძის ქვეშ უნდა მოექცეს. შეუძლებელია ივანიშვილი ვერ ხვდებოდეს, რომ ამ მოდელს დიდი რისკი ახლავს, პირველ რიგში – თავად მისთვის. სისტემას მუდამ სჭირდებოდა რამდენიმე, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფის ერთდროული არსებობა, რათა კონტროლი, შეკავება და მანიპულირება შესაძლებელი ყოფილიყო.
ასეთ ნაბიჯზე ივანიშვილი საკუთარი ნებით, როგორც წესი, არ მიდის – სწორედ ამიტომაც ცდილობს კობახიძე, რომ „კორუფციულ ბრალდებებს“ – რაც რეალურად ოცნების მმართველობითი სისტემისთვის შეთანხმებული კონტრაქტის ნაწილია და პრობლემად კი არა თამაშის წესად აღიქმება – დამატებით, სხვა ხარისხის ბრალდებები წაუყენოს: ისეთი, რომელიც ივანიშვილის თვალში ნამდვილად ,,მომაკვდინებელი ცოდვების” კატეგორიაშია – ანუ ოპოზიციასთან, დასავლეთთან, დიფსტეიტთან თანამშრომლობა. ზუსტად ამიტომ ტირაჟირდება სამთავრობო პროპაგანდით არაადეკვატურად ოპერატიულად და ენთუზიაზმით ოპოზიციის წარმომადგენელთა ყოველი ციტატა, რომელიც მოწინააღმდეგე ბანაკისთვის ინფორმაციის მიმწოდებლებად ოცნების ერთ დროს გავლენიან ფიგურებზე მიანიშნებს. ჩანაფიქრი მარტივია: დამაჯერებელი „ღალატის“ სურათის აწყობა. ამ კონტექსტში უნდა წავიკითხოთ ხაბეიშვილის დაკავებაც: ან ასეთი მტკიცებულებები კობახიძესა და მდინარაძეს უკვე მართლაც აქვთ ხელში, ან მსგავსი მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს, მაგრამ 4 ოქტომბრის მოლოდინი იმდენად სერიოზული და სარისკო გახდა, რომ ივანიშვილის მიერ კობახიძე/მდინარაძისთვის მტკიცებულებების მისატანად მიცემული ვადა ამოიწურა. ორივე შემთხვევაში ფაქტი ასეთია: გადაწყვეტილების მიღების რეჟიმი მძიმდება, ხოლო სვლები კიდევ უფრო ხისტი ხდება.
ჩვენ კი არა – მთელს მსოფლიოს უკიდურესად გაურკვეველ და არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს ცხოვრება და მოქმედება. ამ ჩემს აზრობრივ კონსტრუქციაშიც ბევრი ცვლადია, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებზე დამყარებული ვერსიები ერთს მაინც ცალსახად აჩვენებს: ვითარება ს გარემოცვაში უკიდურესად მძიმდება. შიდა კონფრონტაციამ, ძალაუფლების მონოპოლიზაციისთვის ბრძოლამ გადამწყვეტ ფაზაში გადაინაცვლა. კობახიძე-მდინარაძის შეტევის დინამიკა ღარიბაშვილს, ლილუაშვილსა და გომელაურს პრაქტიკულად არც კი უტოვებს სივრცეს პასიურობისთვის. ჩემი ვარაუდით, აქამდე ისინი ერთადერთი მიზეზის გამო ერიდებოდნენ პირდაპირ კონტრშეტევას — ელოდნენ, რომ თავად ივანიშვილი შეეცდებოდა ვითარების განმუხტვას. მაგრამ კობახიძის დაჯგუფების ნაბიჯები აშკარად მაპროვოცირებელია მათ მიმართ და ეს, ალბათ, სპეციალურადაც კეთდება – რათა ივანიშვილთან თამი შეცდომა დააშვებინონ. სხვა ახსნა, შევიწროების და ბრალდებების ასეთ კოკისპირულ წვიმაში უმოქმედო პოზის შენარჩუნებას – არ აქვს.
თუმცა დრო არც ღარიბაშვილს, არც ლილუაშვილს და არც გომელაურს აღარ აქვთ. კაცმა არ იცის ტვინშერყეული 8 შვილის მამა ცოტა ხანში რეებს მოყვება, ან რას მოაყოლებენ, ისევე, როგორც კარგ ცხოვრებას მიჩვეული მინისტრების და გუბერნატორების მოადგილეები.. ავტორიტარული სისტემების ამოცანა ყოველთვის ერთია: სხვადასხვა თოკზე გამობმული ბალანსი ერთ ცენტრზე გადაიტანონ. მაგრამ სწორედ იქ ხდება სისტემების მტვრევა – როცა ერთ ცენტრს ყველაფერი მონოპოლიზებული აქვს და შეცდომის ფასი ასმაგდება.