გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: „ფერარის ეკონომიკა“ ღარიბებისთვის

წლის ბოლოს, როცა ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის ტემპზე ლაპარაკობს, კვლავ ბუნებრივი კითხვა ჩნდება – რანაირად ხდება რომ ქვეყანაში ფერარის და სხვა ყველაზე ძვირფასი ავტომობილების გასაყიდი ოფისები იხსნება, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლები მცირდება და სოციალური პრობლემები – პოლიტიკურთან ერთად, კვლავ წამყვანი ფაქტორია საქართველოს მოქალაქეების ზრდადი ემიგრაციის მაჩვენებელში. სინამდვილეში რისი ტემპია ეს და სად მივყავართ?

ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ნიშნული მართლაც მოძრაობს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს მოძრაობა სულ უფრო ნაკლებ ადამიანს ეხმარება და სულ უფრო მეტს ტოვებს ღირსეული საარსებო შესაძლებლობების მიღმა.

ეკონომიკური მოდელი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ჰგავს გზას, სადაც ერთი ვიწრო ზოლია სწრაფი ავტომობილებისთვის, პირობითად ფერარებისთვის და ფართო საცობი – ყველა დანარჩენისთვის. ზემოდან, ანუ ციფრებში ჩანს „ზრდა“, ქვემოდან კი ყოველდღიური რეალობა ძვირდება: საკვები, , კომუნალური გადასახადები. ამ გაძვირებას ხელისუფლება „კორექტირებას“ ეძახის, მაგრამ მოქალაქისთვის სახელი მნიშვნელობას კარგავს, როცა გადასახადი იმატებს და ხელფასი – არა.

წელს კიდევ ერთხელ ვნახეთ ერთი და იგივე სქემა: პენსია იზრდება რამდენიმე ათეულ ლარით, მაგრამ პარალელურად იზრდება პროდუქტების, მედიკამენტების, დენის, შესაბამისად მომსახურების ფასებიც. შედეგად, პენსიონერს ერთ ჯიბეში ოდნავ მომატებული პენსია ჩაუდებენ და მეორედან უფრო მეტ ხარჯს ამოუღებენ. ეს არ არის სოციალური პოლიტიკა – ეს არის ბუღალტრული ილუზია, რომელიც სტატისტიკაში უკეთ გამოიყურება, ვიდრე ადამიანების სამზარეულოში.

ამ ფონზე განსაკუთრებით თვალში საცემია განსხვავება ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. მაშინ, როცა ქვეყნის უმრავლესობა ცდილობს, როგორმე თვის ბოლომდე მიაღწიოს, მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები ათასობით ლარით იზრდება. ეს უკვე ეკონომიკა კი არა, სამართლიანობის და ელემენტარული ეთიკის საკითხია – რა მესიჯს უგზავნი საზოგადოებას, როცა ამბობ: „უნდა გავუძლოთ, ყველას გვიჭირს“, მაგრამ იგივე პრინციპი საკუთარ თავზე საწინააღმდეგოდ აისახება.

ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი, ბევრად უფრო სახიფათო ტენდენცია – დასავლეთთან გაფუჭებული პოლიტიკური ურთიერთობები, რაც უკვე პირდაპირ ეკონომიკურ პრობლემად გადაიქცა. როცა ქვეყანა კარგავს ნდობას, პირველ რიგში ზარალდება მცირე და საშუალო ბიზნესი: სესხი ძვირდება, ფული რთულად ხელმისაწვდომი ხდება, ინვესტორი ფრთხილობს. პარალელურად, იზღუდება დროებითი დასაქმების შესაძლებლობები ევროპასა და შეერთებულ შტატებში, რაც ათიათასობით ოჯახისთვის გადარჩენის წყაროა. თუ ეს არხიც დაიკეტება, შემცირდება გადმორიცხვები, ნაკლები უცხოური ვალუტა შემოვა ქვეყანაში და ყველაზე მძიმე დარტყმას ისევ სოციალურად დაუცველი ფენები მიიღებენ.

ამ მოდელის საბოლოო შედეგი პროგნოზირებადია: გაღრმავებული უთანასწორობა. მცირერიცხოვანი მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, ხოლო უმრავლესობა – პენსიონერი, მასწავლებელი, ფერმერი, გლეხი, მცირე მეწარმე – ნელ-ნელა უფრო გაღარიბდება. და ეს არ არის „ბაზრის კანონი“ – ეს არის პოლიტიკური არჩევანის შედეგი.

და ბოლოს, როცა ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ „მეორე და ყოველი მომდევნო წელი უკეთესი იქნება“, ღირს გავიხსენოთ და დავფიქრდეთ: ეს ფრაზა უკვე წლებია გვესმის. რეალობაში კი „უკეთესი“ ხშირად ნიშნავს იმას, რომ ვიღაცებისთვის მატულობს შემოსავალი და გავლენა, დანარჩენებისთვის კი – ფასები, გადასახადები და ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლის ყოველდღიური წნეხი.

წლის მთავარი დასკვნა და შეფასებაც ასეთია: ეკონომიკა შეიძლება „იზრდებოდეს“, მაგრამ თუ ამ ზრდით მოქალაქის ცხოვრება არ უმჯობესდება, მაშინ ეს ზრდა ადამიანებისთვის კი არა, რეჟიმისთვის, თუ ეს სიტყვა ვინმეს გეხამუშებათ – სისტემისთვისაა. ქვეყანაში შეიძლება „ეკონომიკის ზრდის ტემპი“ იყოს, მაგრამ თუ ამ ტემპით სოციალური უფსკრული ფართოვდება, საბოლოოდ ვიღებთ საზოგადოებას, სადაც ერთი, მცირე ნაწილი კომფორტში ცხოვრობს, მეორე კი – მუდმივ დევნაში, ხარჯებსა და სესხებს შორის.

ზრდის ეს ტემპი არ არის პროგრესი. ეს არის გზა, რომელიც კიდევ უფრო მეტად და საშიშად გვაშორებს ერთმანეთსაც და მომავალსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯანგირაშვილი: სახაროვის პრემიაზე გაორებული დამოკიდებულება მაქვს – მიხარია, რომ მზიას პერსონა და მისი ღვაწლი დაფასდა. მეორე მხრივ ძალიან ცუდია, რომ საქართველოზე გაიცა ეს პრემია (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: რუსმა დამპყრობლებმა სუმის ოლქში, სახელმწიფო საზღვართან მდებარე პატარა უკრაინული სოფლიდან, ჰრაბოვსკედან ხუთი ათეული მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ხანდაზმული ქალები გაიტაცეს…