სტალინთან სამოკავშირეო მოლაპარაკებების დაწყების გამო თემთა პალატაში ჩერჩილი გაუკრიტიკებიათ. ბრიტანეთის პრემიერს თავი ასე უმართლებია: ჰიტლერთან დაპირისპირებაში სტალინს კი არა ეშმაკსაც კი შევეკვრებიო…
პოლიტიკაში, მით უმეტეს დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების დროს ხდება ხოლმე, როდესაც გარემოება გაიძულებს ორ ბოროტებას შორის შედარებით ნაკლებად საშიში აირჩიო… იმის იმედად, ნაკლებ ბოროტებასთან ერთად კოალიციაში უფრო დიდი ბოროტების ერთობლივად დამარცხების შემდეგ, ამ ნაკლებ საფრთხეს გაუსწორდები და პირიქით ის არ ჩაგყლაპავს და გაგანადგურებს.
ისტორიამ აჩვენა, რომ ჩერჩილი სწორად მოიქცა. ამ არჩევანის მართებულობა, 50 წლის შემდეგ, მისმა მემკვიდრემ, შეერთებულ შტატებთან ერთად წარმოებული ცივი ომის წარმატებულ დაგვირგვინებამდე მიიყვანა. რეიგანი და ტეტჩერი მსოფლიო ტოტალიტარიზმზე გამარჯვების სიმბოლოებად იქცნენ.
ამ დიდი სახელების ხსენების შემდეგ, ბოდიში მომითხოვია და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პრაგმატიზმსა და მის დამანგრეველ შედეგებზე უნდა დავიწყო საუბარი. შედეგებზე, რომლის პრევენციასაც ჩვენ თუ არ მოვახდენთ, დამანგრეველი აღმოჩნდება ქვეყნისთვის და პიროვნულად გამანადგურებელი თავად ივანიშვილისთვის.
ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბიძინამ ე.წ. დაბალანსების, დეკლარირებულად კი, “პრაგმატული საგარეო პოლიტიკის” გზა აირჩია – გვახსოვს.