დღეს, ანუ 7 ივლისს, დილით, მოსკოვთან ახლოს, ოდენცოვოს აგარაკზე ნაპოვნია რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის პუტინის მიერ დილით დათავისუფლებული მინისტრის, რომან სტაროვოიტის გვამი. რუსული კომერსანტი იუწყება, რომ სიკვდილი დადგა იქვე ნაპოვნი იარაღიდან ერთი გასროლის შედეგად. გამოძიების ვერსიით, სტაროვოიტმა თავი მოიკლა.
გამოცემა მედუზა იუწყება, რომ ცოტა ხნის წინ, ტრანსპორტის ყოფილ მინისტრზე, ჩვენება მიცა კურსკის მხარის ყოფილმა გუბერნატორმა სმირნოვმა, რომელიც პუტინის პროკურატურის მიერ ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების მითვისების გამოა დაპატიმრებული, სხვათაშორის ეს კაცი, ცოტა ხნის წინ, პუტინის მიერვე იყო დაჯილდოვებული.
დღეს ღამით საქართველოში მომხდარი ამბავი, რომელიც საბედნიეროდ ისე ტრაგიკულად არ დასრულდა, როგორც ხშირად მთავრდება რუსულ ანალოგიებში, იმაზე მეტს გვიყვება, ვიდრე ერთი ადამიანის თვითმკვლელობის მცდელობა. ტრაგიკული შემთხვევა, რომელშიც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ცდილობს თავის დაღწევას იმ სისტემიდან, რომლის შენებაშიც თავადაც მონაწილეობდა, ბევრად უფრო ღრმა და საშიშ პოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე მიგვანიშნებს. ჩვენ ვხედავთ არამხოლოდ ერთი რეჟიმის მორალურ კრახს, არამედ — შიგნიდან ლპობას, რომელსაც უკვე ვეღარ ფარავს ვერც ძალადობა და ვერც პროპაგანდა.
ჩვენთვის რომ ესმინათ და მტრებად არ მოვენათლეთ, რუსული, პუტინისტური ალგორითმის მუშაობის სპეციფიკაზე ბევრ ყურადსაღებ მაგალითს ვყვებოდით, დროების გუშინდელი გამოშვებაც კი, ამ მხრივ საფრთხის ქვეშ მყოფი პირებისთვის გადაშლილი წიგნი იყო.
თუმცა ჩვენთან მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ივანიშვილის მიერ ბიზნეს და ჩინოვნიკური ელიტებისადმი დადებული კონტრაქტის რღვევის და რეჟიმის არსებობაში ახალი ეტაპის დაწყების მანიშნებელია.
ბიძინა ივანიშვილმა თავისი წესების დაწერა თავიდან დაიწყო და პირველ რიგში, დაარღვია ყველა ის დაუწერელი კონტრაქტი, რომელიც მას ქვეყნის გავლენიან ფენებთან აკავშირებდა — ბიზნესელიტასთან და მმართველობის შიგნით არსებულ მაფიოზურ ინფრასტრუქტურასთან.
ბიზნესელიტასთან დადებული კონტრაქტი იყო პირდაპირი და გაუმჭვირვალე, მაგრამ ყველასთვის გასაგები: პოლიტიკაში არ ერევით, ოპოზიციას და მედიას არ აფინანსებთ, საჭირო დროს კი ჩუმად იძლევით ფულს არჩევნებისთვის — სანაცვლოდ მიიღებთ „პოლიტიკურად დაცულ გარემოს“ და შესაძლებლობას, იოლად საბიუჯეტო სუბსიდიებით, თუ ტენდერებით და ბოლო წლებში კი ომის შედეგებზე პარაზიტირებით გაამრავლოთ კაპიტალი. ელიტა ამას იღებდა იმ პირობით, რომ დასავლეთთან ნელთბილი ურთიერთობის ფარსი შენარჩუნდებოდა და არავინ აიძულებდა მათ საკუთარი ქონება პოლიტიკური ვალდებულებების სანაცვლოდ დაეთმოთ.
მაგრამ 28 ნოემბრიდან ეს კონტრაქტი გადაგდებულია. ეს იყო დღე, როცა ივანიშვილმა ჯერ ფორმალურად შეაჩერა დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესი, შემდეგ კი აბსოლუტური კარტბლანში მისცა კობახიძეს – მართოს ქვეყანა მისეული ინტუიციით: უხეშად, პრიმიტიულად, ძალადობრივად. ამის შემდეგ იწყება სერიოზული შეტევა მთავარ მოკავშირეებზე — მათ შორის ბიზნესელიტაზე, რომელმაც მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მათი ქონება და კავშირები არა დაცულობის საფუძველი, არამედ პირდაპირი სამიზნე გახდა.
ივანიშვილმა გადაკვეთა წითელი ხაზი: ბიზნესმენები, რომლებმაც თავიანთი ქონება მრავალი კომპრომისისა და სისტემასთან დადებული არაფორმალური გარიგებების შედეგად დააგროვეს, დღეს შანტაჟის, შერჩევითი ბრალდებების და სანქციების მუქარის წინაშე დგანან. მათ აღარავინ ეუბნება: „თქვენი ფული უსაფრთხოა“. პირიქით — მათ პირდაპირ ეუბნებიან: ან ბოლომდე მემორჩილები, ან ყველაფერს დაკარგავ.
დასავლეთთან პირადი კავშირების მქონე ელიტამ უკვე სწორად გაიგო იმ წერილის შინაარსიც, რომელიც ივანიშვილმა ტრამპს მიწერა — ეს იყო გზავნილი, რომ ივანიშვილი ან სრულიად არაადეკვატურია, ან იძულებულია რუსეთის კარნახით არაფრის წინაშე აღარ გაჩერდეს.
მეორე კონტრაქტი, რომელიც ივანიშვილმა დაარღვია, შიდა მმართველობით მაფიოზურ ინფრასტრუქტურას შეეხებოდა — იმ ხალხთან დადებულ შეთანხმებებს, რომლებიც წლების განმავლობაში მისი რეჟიმის მთავარი ბურჯები იყვნენ.
შეთანხმება ასეთია: შენ ემსახურები სისტემას — უკანონო ბრძანებების იმპლემენტაციაში, ზეწოლაში, ძალაუფლების შენარჩუნებაში — და სანაცვლოდ გეძლევა აბსოლუტური ლიცენზია კორუფციაზე, წილების წაღებაზე, შავი ფულის ტრიალზე და არაფორმალურ გავლენებზე. მთავარია, „ობშიაკისთვის“ საჭირო თანხებს დროულად ააგროვებ და პრობლემებს არ შექმნი.
მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ივანიშვილმა კობახიძის ხელით დააკანონა ახალი შიდა წესრიგი — ძველ ჩინოვნიკებს წლების წინ დაშვებულ კორუფციულ ქმედებებზე სთხოვენ პასუხს იმ დროს დაწესებული წესების გარეშე. სთხოვენ არა სამართლებრივად, არამედ შერჩევითად, საჯაროდ, შანტაჟით და მაფიოზური ანგარიშსწორების ფორმით.
ამიტომაც ხედავთ დაბნეულობას, შოკს, კრიზისს მათ თვალებში, ვინც აქამდე ივანიშვილის საყრდენებად ითვლებოდნენ. ისინი ვერ იჯერებენ, რომ ეს ყველაფერი მათ თავს ხდება — თითქოს იმ ფილმის პერსონაჟები გახდნენ, სადაც საკუთარი არქიტექტურით აშენებული კედლები ერთდროულად ემხობათ თავზე. და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა მართლაც დანაშაულებრივ სქემებში მონაწილეობდა, მათი აღშფოთება — ფსიქოლოგიური და არა იურიდიული — საფუძვლიანია: ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს ყველაფერი ,,კონტრაქტის“ ფარგლებში იყო დაშვებული და ამიტომ არასოდეს იქნებოდნენ სანქცირებულები, არასოდეს გახდებოდნენ დევნის ობიექტები შიგნიდან.
სისტემა იწყებს თავისივე წევრების ჭამას. სისტემა მათ ქონებას, გავლენას, ფსიქიკას, სიცოცხლესაც კი ანადგურებს.
ვისაც ჩემს თეორიაში ეჭვი გეპარებათ და გგონიათ, რომ ახალი თამაშის წესებით -ძველ ქმედებებზე პასუხის მომთხოვნია ივანიშვილი, ბოლო პერიოდის უკვე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მინდა გაგახსენოთ, რომლებიც უკუქცევით ამკაცრებს კანონებს, სწორედ ამ ლოგიკას ეხმიანება შიდა მაფიოზურ-ჩინოვნიკური გარჩევების ბიძინასეული ლოგიკაც — ივანიშვილი წარსულის გამო ითხოვს პასუხს ახალი წესებით, რაც, ერთის მხრივ, ,,სამართლიანად“ აღაშფოთებს მსხვერპლს, თუმცა პარანოიდული დიქტატორული მოდელის არსებითად მახასიათებელი ნიშანია.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არ ხდება რევოლუციური გარემოს პირობებში — ოპოზიცია დასუსტებული, დაქსაქსული და ერთმანეთთან დაპირისპირებული, პროტესტი დათრგუნულია. სწორედ ეს გარემო განაპირობებს იმას, რომ ერთის მხრივ, პოლიტიკური ოპონენტებისგან მომავალი საფრთხის გამო კონსოლიდირების აუცილებლობაა გამქრალი, თუმცა რეჟიმისთვის საგანგაშოა, რომ ვიწრო კლანში, სადაც არავინ დარჩა ივანიშვილისთვის გარანტირებულად სანდო, თავად კლანის შიდა ,,სიწმინდე“ იმღვრევა და „ბოსი“ ყველას ეჭვით უყურებს და ყველასგან მოითხოვს ლოიალობის ახალ მტკიცებულებებს — მათ შორის იმათგანაც, ვინც წლების განმავლობაში იყვნენ მორჩილებაზე გაწაფულები.
და ბოლოს, ეს არ არის უბრალოდ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, ან მორიგი მაფიოზური გარჩევა, ან უმსხვილესი ბიზნესმენების თავს შემთხვეული იარაღთან დაკავშირებული ,,გაუგებრობები,“ ეს არის სისტემის შიგნით დაწყებული ნგრევის პროცესი, რომელიც — როგორც ისტორიულად კარგად ვიცით — ყოველთვის იწყება მაშინ, როცა ლიდერი შიშით შიშს იგერიებს და საკუთარი გარემოცვის დევნით ცდილობს ძალაუფლების გამყარებას.
მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ ასეთ დროს სისტემა ყოველთვის იშლება — ჯერ შიგნიდან და შემდეგ — მთლიანად.
