ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვაზე ჩამწკრივებული რეჟიმის წარმომადგენლების შემხედვარეს, შეუძლებელია ეჭვმა არ შემოგიტიოს – თუ მართლა ვართ დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა (და მე მწამს რომ ეს ასეა ), მაშინ როგორ ხდება, რომ ზუსტად ეს თანამდებობის პირები ღამით დედებისა და ქალების ცემისა და შეურაცხყოფის ბრძანებების გასცემენ, არაკაცებს მფარველობენ, ან უკეთეს შემთხვევაში მომხდარ ფაქტებზე თვალს ხუჭავენ და შემდეგ კოპწიად, ჰალსტუხით თუ უჰალსტუხოდ, მანდილით, თუ თავმოშიშვლებული ზეგარდმო მადლის მოლოდინში, შთაგონებული სახეებით იმ ტაძარში საპატიო ადგილას დგანან, რომლის მშენებლობის ორგანიზებასა და ფინანსების მობილიზებაშიც, რა თქმა უნდა პატრიარქის კურთხევასა და ავტორიტეტთან ერთად, გადამწყვეტი როლი იმ კაცს აქვს შესრულებული, რომელსაც არათუ მსგავს საზეიმო თარიღებში აქ აღარ იწვევენ, 160 დღეზე მეტია, ხალხთან ერთად ქუჩაში დგას და ღვთისგან ბოძებული თავისუფლებისთვის შემართული ადამიანების მიმართ სამართლიან მოპყრობას და უძველესი ქრისტიანული ერის რუსეთიზაციისა და პრავოსლავური ერესის საწამლავისგან დახსნისთვის იბრძვის. ეს ადამიანი, სხვათა შორის, პაატა ბურჭულაძეა.
არც გუშინდელ ღამეს და არც დღევანდელ დღეს ჟურნალისტებზე და ქალებზე თავდასხმების გარეშე არ ჩაუვლია. სიმბოლურია, რომ საიუბილეო თარიღს ციხეში აღნიშნავს, უფრო ზუსტად ციხეში ხვდება ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი.
რეჟიმის არაქართულ, ანტიქრისტიანულ ბუნებას ბევრ სხვა უდავო მახასიათებელთან ერთად ნებისმიერი პროფესიის ქალებისა და დედების, განსაკუთრებით ქალი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მოპყრობა ასახავს.
და ამის შეხსენება სწორედ დღეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მორწმუნე საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების თარიღი მარტო დასვენების დღესთან და ქეიფის საბაბთან არ ასოცირდება და ესმის, რომ ანდრია პირველწოდებულის მიერ ქრისტეს ცოცხალი სიტყვის საქადაგებლად და ღვთისმშობლის წილხვედრად ჩვენი მიწის და ხალხის გამორჩევა დიდ საჩუქართან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან “ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება”. ( ლუკა. თ.12)