4 აგვისტო მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. ძველი სტილით, 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო კავკასიის რუსულ სიმაგრე გეორგიევსკში რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო „მეგობრობითი ხელშეკრულება“ – ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც, ქართლ-კახეთის სამეფო ცნობდა რუსეთის იმპერატორის „უმაღლეს ხელისუფლებასა და მფარველობას”, ხოლო რუსეთის იმპერატორი პირობას დებდა სამუდამო მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის სამეფოსათვის და ქვეყნის ტერიტორია დაეცვა გარეშე მტრებისაგან. სწორედ ამ „მეგობრობითმა ხელშეკრულებამ“ მიიყვანა საქართველო სახელმწიფოებრიობის, ხოლო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დაკარგვამდე.
ორსაუკუნენახევარია ამ საბედისწერო დოკუმენტის ჩრდილში ვცხოვრობთ.
გიორგიევსკის ტრაქტატმა, საქართველოს, გზა დამოუკიდებლობიდან – რუსეთის გავლენისკენ გადაახვევინა. ეს არ იყო მხოლოდ ხელშეკრულება – ეს იყო მომენტი, როცა ქვეყნის პოლიტიკური ნება და მომავალი უცხო ძალამ ჩაიგდო ხელში.
242 წლის შემდეგაც კი მისი შედეგები ისევ ცოცხალია – პოლიტიკაში, სახელმწიფო მმართველობასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში.
რუსეთის გავლენა იშვიათად შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამხედრო ძალით და სასტიკი რეპრესიებით. არანაკლებ და შეიძლება ითქვას უფრო ეფექტური იყო პროცესების მართვა ქართველების ხელებით.
მაშინდელი მმართველი ელიტა და ახლაც, ქვეყნის მართვის სადავეებთან მოხვედრილი ეთნიკური ქართველების ჯგუფი, საკუთარი მოკლევადიანი ინტერესისთვის უარს ამბობს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრინციპებზე და იმ სისტემას ემსახურება, რომელიც თავისუფლებას კი არა, ,,მოსკოვურ წესრიგს” ამკვიდრებს.
ამ წესრიგის ნიშნები დღესაც ნათლად ჩანს:
მმართველობითი სისტემის სრული პოლიტიზება და კონკურენციის გაქრობა;
ოპონენტების დევნა სამართლის იარაღად გამოყენებით;
არაკომპეტენტურობის წახალისება და პროფესიონალების განდევნა;
რაც ახლა ხდება და რა დღეშიც ვართ, მხოლოდ ერთ ხელისუფლებას არ უკავშირდება. ეს არის გაგრძელება იმ გავლენისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ გეოპოლიტიკური საფრთხეა – ცივილიზაციური გამოცდაა, სადაც ინსტიტუტები ერთპიროვნული ავტორიტარული მართვით ნაცვლდება, პროფესიონალიზმი – მორჩილებით, ხოლო ადამიანის ღირსება – შიშით.
პასუხისმგებლობისგან თავის არიდება – შეცდომებზეც და ტრაგედიებზეც.
ამას თან ახლავს საზოგადოების მიზანმიმართული დაყოფა, შიშზე აგებული მმართველობა და გამოგონილი გარე მტრის ხატის გამოყენება ძალაუფლების გასამყარებლად.
დღეს შოვის ტრაგედიის 2 წლისთავია. ერთერთი და სამწუხაროდ არა ერთადერთი მძიმე მაგალითი არაქმედუნარიანი და უპასუხისმგებლო მმართველობის. ციფრული ეპოქისა და ტექნოლოგიების ერაში, ათეულობით ადამიანი დაიღუპა იქ, სადაც სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება იყო პრევენცია, გაფრთხილება და ეფექტური რეაგირება.. და, როგორც ყოველთვის, პასუხისმგებელი არავინ აღმოჩნდა.
ამ და ბევრ სხვა უპასუხისმგებლობას მოყვა ის, რომ დღეს გვიწევს საზოგადოების ყურადღება უკვე პოლიტიკური ნიშნით დევნილი პატიმარი ქალებისკენ მივმართოთ – რომელთა წინააღმდეგაც სახელმწიფო კვლავ საბჭოური, უღირსი მეთოდებით მოქმედებს.
გეორგიევსკის ტრაქტატის და შემდეგ საბჭოური მარაზმის მონური მემკვიდრეობა რომ დროულად და საკადრისად არ დავმარხეთ და მიწა არ დავაყარეთ, ამიტომაც არის კანონზომიერი ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება: სწორედ გიორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის კვირაში ველით ღალატის კომისიად წოდებული ჯგუფის დასკვნას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის და მათ შორის რუსეთის თავდასხმის პუტინისეული ვერსიის ანარეკლი იქნება.. ანუ ის, რაც გასული წლის 29 აპრილს უკვე თქვა ადგილობრივმა მარიონეტმა და ამის შემდეგ მას, ქართული საზოგადოების ნაწილმა, თუნდაც აშკარა უმცირესობამ, მაგრამ მაინც ხმა მისცა.
ის რაც გვეგონა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა, დროებით, მაგრამ მაინც დაბრუნდა.. როგორც საშინელებათა ფილმებშია – მკვდარი სხეულები, ზომბების სახით მოძრაობენ და ცდილობენ ჯერ კიდევ ცოცხალი მონობის ვირუსით ჯანსაღი ადამიანების დაავადებას.
სხვათაშორის საინტერესოა და სიმბოლური, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ, დამსახურებულად, კლოუნად მოხსენიებული მედვედევი, პასუხად ტრამპს რუსული საფრთხის უფრო ზუსტად გასააზრებლად, ამერიკულ ფილმს ,,მოსიარულე მკვდრებს” და ,,ზომბის საშიშ ხელს” ახსენებს.
გეორგიევსკის ტრაქტატის რელიქტი და ზომბები საბჭოთა წარსულიდან აწამებენ ახლა ნინო დათაშვილსაც და მზია ამაღლობელსაც. ამ ზომბებს აქვთ ხელი ჩავლებული, თითქმის სამშვიდობოს გასული საქართველოსთვის და ერთი გემრიელი წიხლის კვრა ჭირდება, რომ სამუდამოდ დაიფშვნას, გაცამტვერდეს და იმ სამარეში დაბრუნდეს, სადაც ქართველი ერის ჯანსაღმა, თავისუფლებისთვის მებრძოლმა და თავისუფლების ღირსმა ნაწილმა და ისტორიამ ადგილი უკვე მიუჩინა.. თუმცა, აქამდე, ბოლომდე და ხარისხიანად ვერ დამარხა.
