ძველი საბჭოური პროპაგანდის სტილში გამოფენილ საარჩევნო პროპაგანდისტულ ბანერებსა და ვიდეორგოლებზე თავის სამართლებლად, დემოკრატიული სამყაროსგან გარიყულმა და ხელჩამოურთმეველმა, ქვეყნის, ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ მინისტრმა თავი ასე იმართლა: ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ომის საშინელება შეგახსენოთ, რადგან “ომის რომანტიზებას” ეწევითო.
ეს ბრალდება მან დიდწილად კრიტიკულ მედიას წამოგვიყენა. არადა ვისაც ობიექტურობის ნატამალი შერჩენია – იცის: ყველა ჩვენი რეპორტაჟი სწორედ იმ საშინელებებს, ადამიანურ ტრაგედიებსა და ნგრევის მასშტაბებს აღწერს, რომელიც ომს, რუსეთის მიერ მის სამეზობლოში წამოწყებულ კიდევ ერთ ომს მოაქვს, ამჯერად უკრაინის მიწაზე.
უკრაინელები თავისი ქვეყნის თავისუფლების, ბუჩას მომწყობი არაადამიანებისგან ოჯახების გადარჩენის, მშვიდობისა და მომავლისთვის იბრძვიან. ბებერმა მანიაკმა მათ სხვა არჩევანი არ დაუტოვა. პირდაპირ ეთერში გამოაცხადა რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელები, როგორც ერი არ არსებობს. მისი შეკოწიწება ნაწილობრივ ლენინის და ნაწილობრივ ხრუშოვის დამსახურება ყოფილა და ეს “ისტორიული შეცდომა” უნდა გამოსწორდესო.
შინაარსობრივად იგივე აქვს ნათქვამი პუტინს საქართველოსა და მის სახელმწიფოებრიობაზეც: ქართული სახელმწიფო არ არსებობდა, მცირე საფეოდალოები “ავკრიფეთ” და ქართველები მერე იქცნენ ოსების და აფხაზების მჩაგვრელებადო.
მოკლედ პუტინს “თავისი ისტორია“ აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში უპირობო დომინაციისთვის ფსევდოისტორიულ ჩარჩოში აქცევს ქართველის, უკრაინელის, ყაზახის, სომხის და სხვა ერებისა და სახელმწიფოების ბედს და ლპობის ფაზაში გადასული რაშისტული იმპერიის ფარგლებს მიღმა სუვერენული არსებობის ყოველგვარ პერსპექტივას უკლავს.
პუტინის რუსეთზე, როგორც ცივილიზაციის მტერზე, ომისა და ნგრევის წყაროზე საუბარი სწორედაც რომ ლოგიკური იქნებოდა ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმინისტრისგან სოხუმის დაცემის დღეს, გმირთა მემორიალთან საუბრისას. მაგრამ ნახეთ რა თქვა მან აფხაზეთში გმირულად დაღუპული გმირების ოჯახების წევრების მიერ დანთებული სანთლების ფონზე – ბრალდებით გამოვიდა – “ომის რომანტიზებას ნუ ეწევითო”.
სინამდვილეში, ის, რასაც კობახიძე, კიდევ უფრო ზუსტად კი ივანიშვილი სეპარატისტებისადმი ბოდიშის მოხდის პოლიტიკითა და აგრესორისადმი სრული მორჩილების დემონსტრირებით ეწევა არის ,”ღალატის რომანტიზება!” და თუ რატომ – შორს ნუ წავალთ და მხოლოდ გასული კვირის 2 ყველაზე მნიშვნელოვან თარიღზე შევჩერდეთ, რომელსაც ქართული სახელმწიფოს, მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ხალხის და ქრისტიანი მრევლისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
26 სექტემბერს შესრულდა 400 წელი ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, დიდმოწამე დედოფალ ქეთევანის მარტვილობიდან, ხოლო 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, პატივი მივაგეთ სოხუმსა და აფხაზეთში დაღუპული უდანაშაულო ადამიანებისა და ქართველი გმირების ხსოვნას, ამ დღეს დახვრეტილი ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას და სხვათა სახით.