გიორგი თავდგირიძე – „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა ემიგრანტები, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ პროტესტის არსებობაში, რომელიც საქართველოშია

„ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა ემიგრანტები, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ პროტესტის არსებობაში, რომელიც საქართველოშია, – ამის შესახებ ჯგუფი „ფარის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში აღარ ექნებათ.
როგორც თავდგირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხელისუფლებას შეუძლია გაზარდოს ზეწოლა საზოგადოებაზე, რადგან „რაც გასდით, ყველაფერს აკეთებენ და კიდევ მეტსაც შეძლებენ“.
„რაც გასდით ყველაფერს გააკეთებენ და არასაკმარისად აკეთებენ. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ტემპს ჩამორჩება, ზარმაცობენ, უფრო მეტიც შეუძლიათ და უფრო სიღრმისეული პრობლემები შეუქმნან მოსახლეობას.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილის საკანონმდებლო სივრციდან ან გავდივართ, ან ამ საკანონმდებლო სივრცეს ვეგუებით. ივანიშვილის დანიშნული არის ივანიშვილის , ამას საერთო არაფერი აქვს იმ არჩევნებთან, რაც ერთ დროს კანონმდებლობაში გვეწერა. რატომ უნდა შეშფოთდეს თავმოყვარე ემიგრანტი იმაზე, რომ ივანიშვილმა მიიღო კანონმდებლობა, სადაც მათ არ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება გასაგებია, მათ დასაჯეს ემიგრანტები, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ პროტესტის არსებობაში, რომელიც საქართველოში არსებობს.
უნდა ვთქვათ, რომ თუ ვებრძვით დიქტატურას, მაშინ იურიდიულ აქტებზე, კანონებზე, არჩევნების ჩატარება/არ ჩატარებაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ. ჩვენი ერთადერთი პრობლემაა თუ როგორ დავამხოთ დიქტატურა“, – განაცხადა თავდგირიძემ.
ამასთან თავდგირიძემ პროტესტის პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში კონკურენცია და ერთმანეთთან დაპირისპირება ზღუდავს საერთო მიზნის მიღწევას.
მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები და აქტივისტები ხშირად უფრო “ენერგიულად ებრძვიან ერთმანეთს, ვიდრე რეჟიმს”:
„თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, რადგან გვაქვს შიდა კონკურენცია. დახურული ჯგუფები ერთმანეთს უფრო ენთუზიაზმით და ენერგიით ებრძვიან, ვიდრე დიქტატურას.
აღმოჩნდა, რომ კობახიძის პროპაგანდა უფრო ძლიერია, ვიდრე შენი, როცა თავად იდექი რუსთაველზე 4 ოქტომბერს, ხედავდი სიტუაციას და საკუთარ თვალებს და ყურებს კი არ უჯერებდი, არამედ კობახიძის ნათქვამს. აქტივისტების და ოპოზიციის 80% ლაპარაკობდა იმაზე, რაც “ოცნებამ” შემოგვთავაზა“, – განაცხადა თავდგირიძემ.