გიორგი ვაშაძის საქმის განხილვა 16 ივნისისთვის გადაიდო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმის განხილვა 16 ივნისს, 10:00 საათზე გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. კერძოდ კი, ვაშაძის სასამართლო პროცესის პარალელურად საბა სხვიტარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, რა დროსაც, დერეფანში ხმაური იყო, აღნიშნულის გამო, სხდომა რამდენჯერმე შეწყდა. დარბაზიდან გასულ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უკან შესვლის შესაძლებლობა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს და ის ფიზიკური შეხების შედეგად დააბრუნეს დერეფანში. აღნიშნულს დარბაზში ხმაური და ჟურნალისტების უკმაყოფილება მოჰყვა.
გიორგი ვაშაძის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, „რაც მოხდა, მას მერე, მორალური თვალსაზრისით ფიზიკურად ვერ ისაუბრებდა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი იყო და ვერც სხდომაზე დარჩებოდა“.
„სულ არ გაინტერესებდათ, იქ რა მოხდა, გაინტერესებდათ დარბაზში მყოფების აღშფოთება ჩაგეწყნარებინათ. ძალადობა დაინახეთ თუ ვერა?” – მიმართა მოსამართლეს ბასილაიამ.
აღნიშნულზე ნინო გალუსტაშვილმა მას მოუწოდა, დაესრულებინა საუბარი.
„დაასრულეთ ბატონო ბექა, სასამართლომ შესაძლებლობა მისცა [ჟურნალისტს] სხდომას დასწრებოდა“, – განაცხადა მოსამართლემ.
აღნიშნულის შემდეგ ბექა ბასილაიამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ პროცესის გადადების საფუძველი არ არის, რაზეც ვაშაძემ განაცხადა, რომ ის ადვოკატის გარეშე სხდომაზე ვერ დარჩებოდა, რის გამოც მას პროცესი უნდა დაეტოვებინა.
მოსამართლემ სხდომა გადადო, ბრალდების მხარეს კი უთხრა, რომ შემდეგ სხდომაზე დასკვნითი სიტყვაც მოემზადებინა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.