„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენი დღეს, 24 ივნისს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.
გიორგი ვაშაძე სასამართლო სხდომაზე მისვლას არ აპირებს, ის განაჩენის გამოცხადებას პარტიის ოფისში დაელოდება.
ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
