ლიდერები ვართ აქ თქვენთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 19:00 საათზე ძალიან ბევრნი ვიყოთ, სადაც შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით,- ასე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ვარაზისხევის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყეს და ბოლომდე საზოგადოების გვერდით იქნებიან.
„მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოვაცხადო. პირველ რიგში ყველანი ვართ აქ დღის განმავლობაში და ვეხმიანებით ჩვენს მეგობრებს, რომ მეტნი ვიყოთ.
ლიდერები ვართ აქ თქვენთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 19:00 საათზე ძალიან ბევრნი ვიყოთ, სადაც შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, უფრო სწორად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ ოპოზიცია აღარ ვართ, ოპოზიცია არიან ისინი, რომლებიც თვითმარქვიები არიან.
19:00 საათზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას, თუ რას ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ვარაზისხევის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე არსებული გზაჯვარედინი ამ დრომდე პარალიზებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ, 20:00 საათიდან კარვები გაიშალა.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არჩევნების მიმდინარეობისას მთავარი უფლება – ხმის ფარულობა დაირღვა, რის გამოც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.
აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დგას.