გვითხრეს, რომ დაახლოებით 1 თვის ვადაში უკვე ჩამოყალიბდება, რა მოცულობის იქნება სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა არჩევნების გრძელვადიანად დასაკვირვებლად, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ ეუთო/ოდირის წარმომადენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო საარჩევნო გარემოზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს.
“საუბარი, რა თქმა უნდა, იყო საარჩევნო გარემოზე. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ პროცესი უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს: აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ადამიანებზე, კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებები და ბანდები, რომელიც ფორმირებული ჰყავს “ქართულ ოცნებას” და სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც ქცეულია პოლიტიკური დავალების შემსრულებლებად, რადგან ისინი არ იცავენ სამართლებრივ წესრიგს და არღვევენ კანონს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ინიციატივები, რომლითაც კიდევ უფრო უნდათ, რომ დაამძიმონ საარჩევნო გარემო, შეცვალონ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, რომ ცესკო მათთვის მარტივად კონტროლირებადი იყოს მათთვის. ეს არის ვითარება, რაშიც ჩვენ ვოპერირებთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და გვითხრეს, რომ დაახლოებით 1 თვის ვადაში უკვე ჩამოყალიბდება, თუ რა მოცულობის იქნება სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა უკვე არჩევნების გრძელვადიანად დასაკვირვებლად”, – აღნიშნა ვაშაძემ.