ვაგრძელებთ პროტესტს. 12 საათი გავიდა, ყველაზე რთული დრო გადალახულია, რთული ღამე გავიარეთ – საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ჩვენ ყველა ვიამაყებთ ამით და ბიძინასაც მოვაშორებთ ამ ქვეყნიდან,- ასე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.
მისი თქმით, პროტესტის რთული ეტაპი უკვე გადალახულია.
„ნელ-ნელა ქალაქი იღვიძებს და ყველას ვეუბნებით, შემოგვიერთდით, მოდით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია, სადაც ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ. მადლობა, ვინც აქ ხართ. ასე მხნედ და მაგრად ხართ, ერთიანობით დიდ გამარჯვებას მივაღწევთ.
ვაგრძელებთ პროტესტს. 12 საათი გავიდა. ყველაზე რთული დრო გადალახულია, რთული ღამე გავიარეთ. ახლა იწყება ის სასიამოვნო დრო, როდესაც უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება. ახლობლებსა და მეგობრებს დაუძახეთ, ძალიან კარგი ატმოსფეროა, ჩვენ დიდი გამარჯვებისკენ მივდივართ.
ჩვენ ეს შევძელით, ერთი ღამე გადალახულია, ასე გადავლახავთ ყველაფერს. როგორც გათენდა დღეს, ისე გავათენებთ საქართველოში და დიდი გამარჯვებისკენ წავალთ, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ჩვენ ყველა ვიამაყებთ ამით და ბიძინასაც მოვაშორებთ ამ ქვეყნიდან.
დიდი მადლობა გამძლეობისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციისთვის, 09:00 საათზე აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საერთო განცხადებით მიმართავენ და დღის გეგმას გააცნობენ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.
ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი.
მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.