„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში ვიზიტად მყოფ 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციასთან შეხვედრაზე ოპოზიცია ისაუბრებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დარღვევით ჩატარებაზე და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
„პირველი, არჩევნები ახლიდან უნდა დაინიშნოს. არავინ აპირებს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას და მასში მონაწილეობას, ვგულისხმობ ოპოზიციას. მეორე – ამის საფუძველი არის ფარულობის ტოტალური დარღვევა, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც საქართველოში ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. საკმარისზე მეტია მტკიცებულებები და საერთაშორისო გამოძიებაა საჭირო იმისთვის, რომ სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს, რათა ბოლომდე გამოვლინდეს აბსოლუტურად ყველა დამნაშავე, რომელმაც გადაწერა არჩევნების შედეგები და რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ამ დანაშაულში.
გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ არ არჩევნებს აღიარება არა მარტო ჩვენგან, არამედ ჩვენი პარტნიორებისგანაც არ აქვს და აუცილებლად ვაგრძელებთ ამ მოქმედებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.