ჩვენ გვაქვს სისტემურად მწყობრად ორგანიზებული და დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე – ეს არ არის მხოლოდ ჩემი პროტესტი – ეს არის ჩვენი პროტესტი, სადაც თითოეული ადამიანის ჩართულობა გადამწყვეტია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 17:00 საათზე დაგეგმილი მსვლელობის მიზეზი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გახდება ცნობილი.
ამასთან, ვაშაძის თქმით, როგორი იქნება შემდგომი დღეების პროტესტის ფორმები ამაზე ინფორმაციასაც მიაწვდიან საზოგადოებას.
„გელოდებით ყველას 19:00 საათზე რუსთაველზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. ჩვენ ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას და არ ვეგუებით არჩევნების მიტაცებას „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც უკვე უტყუარადაა დადასტურებული. ვფიქრობ, დღეს რაც საქართველოს რუკა დაამახინჯეს ამ ადამიანებმა, კიდევ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მივიდეთ და ამ ვიგინდარებს ამ პროტესტით გავცეთ პასუხი.
რაც შეეხება 17:00 საათს, ამ დროს ჩვენ სადგურის მოედნიდან მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ. ეს მსვლელობა რატომ იქნება, ამას უკვე რუსთაველზე გეტყვით. ასევე, როგორი იქნება შემდგომი დღეების პროტესტის ფორმები ამაზე ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მოგაწვდით. ჩვენ გვაქვს სისტემურად მწყობრად ორგანიზებული და დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე. მთავარია, ერთმანეთს ვენდოთ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პროტესტი – ეს არის ჩვენი პროტესტი, სადაც თითოეული ადამიანის ჩართულობა გადამწყვეტია. ყველა პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა ვაშაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები.
ინფორმაციისთვის, დღეს, 19:00 საათზე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და „ძლიერი საქართველოს“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.
ამასთან, ნიკა მელიას ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, 17;00 საათზე სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.
როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე წარადგენენ ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმას.