სამწუხაროდ, კობახიძე-ივანიშვილის დაჯგუფებას უნდა, რომ საქართველო დატოვოს მარტო, დაუცველი, ძლიერი მეგობრების, ძლიერი ამერიკის, ძლიერი ევროპის გარეშე,- ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომელშიც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრემიერს, ჯეი დი ვენსს მიმართავს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, როცა ხელისუფლება ევროკავშირს და ამერიკას მტრად აცხადებს, შედეგად მიიღებს იმას, რომ მოკვეთილი იქნება ცივილიზებული სამყაროსგან.
„დღეს ქვეყანაში არის შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება. ძალიან მკაფიოა ჩვენი ყველა პარტნიორის პოზიცია. ეს მთელი ბელეტრისტიკა, რაც ახლა არის, ერთი რამის გამოა- ბოლომდე გაჭრან ჩვენი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან და დაგვტოვონ მარტო, დაუცველი, რომ ეს ქვეყანა მარტივი საჯიჯგნი იყოს. ხალხის სახელით როგორ ლაპარაკობენ, უმცირესობაში არიან რეალურად, ქუჩაში ვერ გამოდიან და ადამიანებს ვერ ელაპარაკებიან, ეს ხომ ფაქტია, მარტო პოლიციის ზურგს უკან იმალებიან. ჩვენ გვინდა აშშ-თან, ევროკავშირთან მეგობრობის გაღრმავება, რომ დაცულები ვიყოთ. სხვა შემთხვევაში, ძალიან მძიმე ბედი გველის”,-განაცხადა ვაშაძემ.
მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძის ღია წერილი იმის დასტურია, რომ ხელისუფლება სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია.
„შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს, მაგრამ აყალბებს ამ ყველაფრის საფუძველს. როცა შენ იღებ რუსული ყაიდის კანონებს, როცა გყავს სინდისის პატიმრები, როცა გინდა აკრძალო პარტიები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, გინდა გადაამტერო ქვეყანა ყველა შენს ახლო მეგობარს, მტრად აცხადებ ევროკავშირს, ამერიკას, შედეგად რას მიიღებ, გარდა იმისა, რომ მოკვეთილი იქნები ცივილიზებული სამყაროსგან. ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის არჩევნების ახლიდან ჩატარება, სხვა ალტერნატივა არ არსებობს“,- განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის გადადგომას და განაცხადა, რომ „ეს არის „კლანური” ბრძოლა ივანიშვილი-კობახიძის დაჯგუფებას შორის და ერთი “კლანი” ანაცვლებს მეორეს”.
“მეგობარი აქტის” მერე ბევრს უნდა, რომ გაათავისუფლონ, ოღონდ ბევრი ნადავლი აქვთ და ბევრი აქვთ მოპარული. ამიტომ, ურჩევნიათ წავიდნენ და ხალხის ძარცვით მოგროვებული დიდი კაპიტალი შეინარჩუნონ. აი, ეს არის რეალობა. მეტი ჩამოშლა იქნება. “მეგობარი აქტი” აღმოჩნდა წყალგამყოფი ძალიან ბევრ საკითხში და დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი და მეტი ადამიანი დატოვებს ივანიშვილი-კობახიძის დაჯგუფებას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება”,-განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
კობახიძე წერილში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე და აშშ-ის ადმინისტრაციას მისამართით ამბობს, რომ გასაკვირია, რომ ისინი ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებენ.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის სრული თანხვედრაა.
მან ასევე „დიფ სთეითზეც“ ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, „რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება“.
