მე როგორც ვიცი, კიდევ 250-300 ადამიანთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვები, რომ „MEGOBARI აქტით“ დასასანქცირებელ პირთა სიაში მოხვდნენ. ვისი გვარიც სიაში ჯერ ვერ მოხდა, შანსი აქვთ, რომ რეჟიმს გაემიჯნონ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „MEGOBARI აქტს“ გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, აშშ-ში წარმომადგენლობით პალატაში მიღებული „MEGOBARI აქტის“ შემდეგ, „ქართული ოცნება“ მძიმე დღეშია“.
„რა უნდა უპასუხონ “MEGOBARI აქტს“ – ისევ ცინიზმი, ისევ ტყუილები? ისევ რაღაც სიგიჟეები? თუ მეორედ ნაცადი ხერხი – ვიღაცების დაკავება და ახალი სისხლის სამართლის საქმეებს აღძვრა. ნახავთ, რომ რაღაც გიჟურ კანონს მოიგონებენ. ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, თუ რატომ ჩააგდო ქვეყანა ასეთ ვითარებაში და რატომ არის, რომ აშშ-ში პირველი საკანონმდებლო აქტს ნეგატიურ კონტექსტში იღებენ? ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო – აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათთვის სულერთი არ არის, თუ რა ვითარებაა საქართველოში. „ქართული ოცნება“ მძიმე დღეშია, ლიდერები დაიმალნენ, ასე სჩვევიათ. გუშინ კითხვებს გაურბოდნენ და ქალბატონი დაიყენეს დაცვად. მთელი 24 საათის განმავლობაში ყველა ლიდერი გაქრა. ამ ყველაფერს კი ხალხის ტვინის ასარევად აკეთებენ. ახლა ჩვენ შეტევაზე ვართ და მაქსიმალურად უნდა დავწნეხოთ „ოცნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ასევე, გიორგი ვაშაძე „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით მმართველი პარტიის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მმართველი პარტია ახლა ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული.
„მიმდინარე პროცესი არ მახარებს. მინდა, საქართველო განვითარების გზაზე იყოს, მაგრამ ტყუილს ამბობს ეს ხალხი, როდესაც პატრიოტიზმს ივანიშვილს სიყვარულს უკავშირებს. მათ ძალაუფლების შენარჩუნება და ქვეყნის მარტო დატოვება სურთ.
გომელაურმა აღიარა, რომ სანქციების ქვეშ ცხოვრება რთულიაო, რადგან თქვა, რომ -„უფრო რთულ პირობებშიც ვყოფილვარო“. ეს საკითხი ძალიან მძიმეა „ოცნებისთვის“. ლიდერები ფრთხილად არიან, რომ მკვეთრი განცხადებები არ გააკეთონ და „კლოუნებს“ ალაპარაკებენ. გომელაურისთვის ივანიშვილი უფრო წინ დგას თუ სამშობლო, რა თქმა უნდა ივანიშვილი. კობახიძისთვის ძალაუფლება უფრო წინ დგას თუ სამშობლო? – ძალაუფლება და ივანიშვილი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი 7 მაისს „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ყრილობასაც გამოეხმაურა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს და ახალი პოლიტსაბჭოს წევრები დაამტკიცეს. გიორგი ვაშაძე, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული ყრილობას სამგლოვიარო სცენას ადარებს.
„პირველი რიგის უკან ვინც იჯდა, ისეთი სახე ჰქონდათ, ფიქრობდნენ რომ – „ნეტავ, აქ არ ვიყო“ – ეს ეწერათ სახეზე, რამდენიმე კაცის გარდა, რომლებიც ფიქრობენ, დიდძალი ქონება როგორ უნდა გადაარჩინონ. სამგლოვიარო ცერემონიასავით იყო. მმართველ პარტიას რომ ეძახიან თავს, ყრილობა 17 წუთში არ უნდა სრულდებოდეს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოვიდა სიტყვით ბიძინა ივანიშვილი ყრილობაზე, გეტყვით, რომ მას სათქმელი არაფერი არ აქვს, „MEGOBARI აქტი“ მას საბოლოდ დაასამარებს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ასევე, გიორგი ვაშაძე, სახელმწიფო კომპანიებში საკადრო ცვლილებებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „კლანი კლანმა ჩაანაცვლა“.
„ბოლო 12-13 წლის განმავლობაში, 6 აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყანას შორის, ენერგეტიკული რეფორმის კუთხით ბოლო ადგილზე ვართ. ენერგეტიკა ძარცვის მთავარი ობიექტია „ქართული ოცნების“ მხრიდან. შესაბამისად, ეს არის დაჯგუფებებისა და კლანების გადაადგილება და გადანაწილება. ერთი კლანი, მეორე კლანის გაწევასა და მეტი ფულის კეთებას ცდილობს.
რკინიგზას რაც შეეხება, კატასტროფა ხდება, ასობით მილიონია მითვისებული, ინფრასტრუქტურა არ ვითარდება. ახალი სარკინიგზო კვანძები, რაც უნდა გაკეთებულიყო, უმძიმესი ვითარებაა. შემოვლითი რკინიგზა, სადაც უნდა გაკეთებულიყო, იქ კორპუსებს ააშენებენ სწრაფად. დღისით-მზისით ხდება ძარცვა. რკინიგზელებს ვკითხავ, თქვენი სამუშაო პირობები გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ბოლო 10 წლის განმავლობაში? ხელფასს რომ იღებთ, არის მსყიდველობით ნარიანი, როდესაც მაღაზიაში შედიხართ? სად მიდის ამდენი ფული? შუა კორიდორი რომ ვართ, ახლა საქართველოს ორზოლიანი რკინიგზა უნდა ჰქონდეს და მთავარი გამტარი უნდა იყოს.
კლანი კლანმა ჩაანაცვლა, ერთი, რომ ძარცვავდა, ახლა მეორე გაძარცვავს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
