უტყუარად დადასტურებულია, რომ არჩევნების შედეგები გადაიწერა, ჩვენ გავიმარჯვეთ და გამარჯვებას სხვა იჩემებს. აქედან გამომდინარე, ამ შედეგების გაუქმებას ვითხოვთ, პროტესტი უწყვეტად გრძელდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ის აცხადებს, საერთაშორისო გამოძიებისთვის მისაწოდებლად ყველა მასალა მზად არის.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციით, მოქალაქეებისთვის გარანტირებული ფარულობის უფლება, რომელიც ტოტალურად დარღვეული იყო, ცნოს და არჩევნების შედეგები გააუქმოს. პირველი პრეცედენტი შეიქმნა თეთრიწყაროს სასამართლოში, უტყუარად დადასტურებულია, რომ არჩევნების შედეგები გადაიწერა, ჩვენ გავიმარჯვეთ და გამარჯვებას იჩემებს სხვა. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, საბოლოო ჯამში ეს შედეგები გაუქმდეს, პროტესტი უწყვეტად გრძელდება, არ შეჩერდება, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ გავიფორმებთ, რომელიც ხალხმა მოგვცა. ხელისუფლება დღეს არის ქუჩაში, ვდგავართ აქ, ხელისუფლება ვისაც ჰქვია, ისინი არიან თვითმარქვიები, რომლებმაც ძალაუფლება მიიტაცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე. ვითხოვთ არჩევნების გაუქმებას, პარალელურად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა მასალა მზად არის, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.
მტკიცებულება უამრავია, ნომერ პირველი მტკიცებულებაა, რომ ფარულობა დარღვეული იყო, სხვათა შორის, სატელევიზიო ეთერში ოქმები წარვადგინე, არჩევნებში ამომრჩევლის 107-108%-მა მიიღო მონაწილეობა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამომრჩევლის 108%-მა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო? სისტემური და კომპლექსური დანაშაული ფარულობის დარღვევით, უკვე დადასტურებულია და ვფიქრობ, რომ არჩევნები დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. ამას ვითხოვთ სააპელაციო სასამართლოსგან“, – განაცხადა ვაშაძემ.
მან აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„დონალდ ტრამპს გამარჯვებას ვულოცავ. სხვათა შორის, ბიულეტენები იქ არ ჟონავდა, ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი ვართ, რომლის წარმომადგენლებიც ვიყავით მიწვეული დონალდ ტრამპის კანდიდატად წარდგენის დროს. სანამ აქ მოვიდოდი, დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს ეს გამარჯვება მივულოცე, დარწმუნებული ვარ, ამერიკა საქართველოს გვერდით იქნება… ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას სისტემურად უდგება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ დონალდ ტრამპს თინა ბოკუჩავა, მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქს და „რუსეთუმეს“ უწოდებდნენ, ახლა რა შეიცვალა, ვაშაძემ განაცხადა, რომ „ამერიკას პარტიებით არ არჩევენ“.
„თინა ბოკუჩავა პირადად იყო მიწვეული იყო ტრამპის კანდიდატად წარდგენის დროს, მე იქ არ მინახავს არც ერთი „ქოც“ წარმომადგენელი, რომელიც იქ იქნებოდა, რადგან ჩვენ ორივე პარტიასთან თანაბარი პარტნიორობა გვაქვს. ზალკანიანი, რომელიც იქ შეიპარა და ჩუმად იჯდა, ის „ქართულ ოცნებას“ არ წარმოადგენდა, ის საქართველოს წარმოადგენდა, რადგან ჯერ-ჯერობით, ელჩია. „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი იქ არ იყო, ვერც იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ როცა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში იყო ჩასული, ის ტრამპთან, მის გუნდთან შეხვედრას შეეცადა, მას უარი უთხრეს. ჩვენ ამერიკას პარტიებით არ ვარჩევთ, ამერიკისგან ჩვენს ხალხს სრული მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ვფიქრობ, რუსული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება“, – განაცხადა ვაშაძემ.