ჩვენ არამხოლოდ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა მოხდეს მთელ საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ბრძოლა ბოლომდე უნდა მიიყვანონ.
„ძალადობის ახალი ეტაპს, რასაც ჩვენ თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან ველოდით, ჩვენ ამას ერთიანობას, ერთიანობას და კიდევ ერთხელ ერთიანობას ვუპირისპირებთ. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით და დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ, ვიდრე ყველა მათგანი იქნება თავისუფალი. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ ჩვენ არამხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა მოხდეს მთელ საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც ყველამ ერთად, კოორდინირებულად, ერთსულოვნად უნდა შევასრულოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ, სულ ყველა რომ დაგვიჭირონ, მზად უნდა ვიყოთ, ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ორადორ რამეზე დგას ეს თვითმარქვია რეჟიმი, ერთი – სამართალდამცავები, რომელთა იდენტიფიცირებას ჩვენ გავაკეთებთ და ისინი ჩვეულებრივი „შპანა“ არიან. მეორე, ეს არის დეზინფორმაცია, რომელსაც თავისი სახე აქვს – ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“. რაზეც დგას ეს ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის, კანონგარეშე მოქმედი სამართალდამცავი უწყებები – შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუსი, სპეცსამსახურები, სასამართლოს ჩათვლით, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტივი“, ხანდახან ხელი წაუცდება „რუსთავი 2-ს“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ ვითხოვთ ობიექტურობას და რომ ხალხის მხარეს იყოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.