ძალიან სწორი ინიციატივაა მიშას {მიხეილ სააკაშვილის} მხრიდან. არავის უგულისხმია სხვა ოპოზიციური პარტიები, არც არავინ უწყებს ხვეწნას, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „სუპერპაკის” იდეასთან ოპოზიციური პარტიები არაფერ შუაშია და ის „ნაციონალური მოძრაობის“ “პაკ”-ზე საუბრობს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა „სუპერპაკზე“ ერთობლივი იყო, ოპოზიციასთან კი სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ.
„მიშას ეს ინიციატივა ერთობლივია. ჩვენი ამოცანაა, რომ კარი გახსნილი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ევროკავშირის მოსურნეა, პარტიის წევრობა არ უნდა, სურს, რომ გამარჯვების ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა
სხვა ოპოზიციასთან სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლებთ. გავიგეთ, რომ მათ თავისი გზა აქვთ და ჩვენ ჩვენი. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროცესში. ძალიან სწორი ინიციატივაა მიშას მხრიდან. არავის უგულისხმია სხვა ოპოზიციური პარტიები, არც არავინ უწყებს ხვეწნას“, – აღნიშნავს ვაშაძე.
როგორც ვაშაძემ განმარტა, იმდენად პროვინციულია „ქართული ოცნება“, რომ ევროკავშირის დროშები პარლამენტში აპარატს მარტო საკუთარ მაგიდებზე დაადებინეს.
„ვიგებთ არჩევნებს? – ოპოზიციას თავისი ადგილი აქვს. არავინ არავის არ მისდევს და ციხეში ჩასმას არ უპირებს. ვიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას. ოპოზიცია არის ინსტიტუციური ნაწილი ქვეყნის მმართველობის და არა მტერი. კატეგორიულად გამოვრიცხავ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ეს ქვეყანაში არ იქნება, გარანტიას გაძლევთ. სამართლიანი სასამართლო იქნება, სასამართლო პოლიტიკურ დავალებას არ შეასრულებს.
რას გავაკეთებდი ხელისუფლებაში მოსვლამდე? მივიღე კანდიდატის სტატუსი? მყისიერად დავუძახებდი პრეზიდენტს, ოპოზიციას ჩავკიდებდი ხელს და ვეტყოდი, ერთიანი ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, დანარჩენ საკითხებში შეიძლება ვერ ვთანხმდებით, მაგრამ იმდენად პროვინციულია „ქართული ოცნება“, რომ სცენაზე და ერთად დაძახება კი არა, ევროკავშირის დროშები პარლამენტში აპარატს მარტო საკუთარ მაგიდებზე დაადებინეს“,- აღნიშნა ვაშაძემ.
კითხვაზე, თუ რაში დასჭირდა პარტია „საქართველოსთვის“ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნა, ვაშაძე განმარტავს, რომ „სხვის უბედურებაზე, საკუთარი საქმე არ უნდა აიწყო, აღნიშნულ მოთხოვნას კი მორალთან კავშირი არ აქვს“.
„მე არ ვიცი რაში დასჭირდათ, მაგრამ არაფერი ევროკავშირის სტანდარტთან და ევროპულთან, მორალთან ახლო რომ არ არის, ფაქტია. გიორგი გახარიას თუ ჰგონია, რომ ამით მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, ძალიან ცუდი. სხვის უბედურებაზე, შენი საქმე არ უნდა აიწყო. ამორალურია თავიდან ბოლომდე ეს ქმედება. ძალიან ნეგატიური გამოხმაურება აქვს საზოგადოებაში, არამხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებში, ჩვენ ხალხს ვხვდებით. ასე არ უნდა იქცეოდე ევროპული ცივილიზაციის ნაწილი რომ უნდა იყო. ხალხს უნდა ერთიანობისკენ ნაბიჯი და არა დაპირისპირებისკენ. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს „ქართული ოცნება“ იქნება მცდელობა, რომ გახლიჩოს საზოგადოება“,- აღნიშნა ვაშაძემ.