რომელ სათაგურში გაყვეს თავი ახლა, კანდიდატის სტატუსს რომ გვაძლევს ევროკავშირი?! – მოუსავლეთში ვისტუმრებთ “ქართულ ოცნებას” და 3 თვეში ვასრულებთ 9-ვე წინაპირობას, “ქართული ოცნება” არაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე Politico- ს სტატიას გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული და აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება რეფერენდუმი.
“ბიძინა ივანიშვილი ეს არის რუსული გავლენის აგენტი, რომელიც ყველანაირად ცდილობს ევროპის ნაცვლად, რუსეთისკენ შეატრიალოს საქართველოს განვითარება. მთავარი გზავნილი, რომელიც ამ სტატიაშია – მეგობრებო 2024 წლის არჩევნები რეფერენდუმია. ხაზავ 41-ს? – მხარს უჭერ რუსეთს, ხაზავ პროსადავლურ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში “გამარჯვების კოალიციას”? – სწრაფი ტემპით მივდივართ ევროკავშირისკენ. ამაზე გადაწყვეტილებას ელოდება მთლიანად ცივილიზებული სამყარო. კანდიდატის სტატუსი სწორედ ქართველი ხალხისთვის მოგვცეს, რომელიც იკრიბებოდა ქუჩაში და მოგვცეს იმ დეზინფორმაციების საპასუხოდ, რომელზეც “ქართული ოცნება” ამბობდა: “თუ ომს დავიწყებთ, კანდიდატის სტატუსი იქნება,” “გეოგრაფიულად შორს ვართ და სტატუსს ამიტომ არ გვაძლევენ”, “სათაგურია კანდიდატის სტატუსი”. აი ახლა დაუსვით ამ ადამიანებს კითხვა – ვინ მოსთხოვა მათ ომის დაწყება, ვინ უთხრა, რომ სათაგურია სტატუსი? რომელ სათაგურში გაყვეს თავი ახლა, კანდიდატის სტატუსს რომ გვაძლევს ევროკავშირი? ამიტომ ლუსტრირებულია ბოლომდე ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს ბნელი ძალა და მათი გასტუმრება არის ჩვენი ამოცანა”,- განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე ასევე გამოეხმაურა 9 დათქმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხს და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” არაფერს შეასრულებს და რეფორმების გატარება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
“ჩემთვის მთავარი სამუშაო ჯგუფი ახლა არის 2024 წლის არჩევნები, სადაც პრორუსული ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ. ვისტუმრებთ “ქართულ ოცნებას” მოუსავლეთში, 3 თვეში ვასრულებთ 9- ვე წინაპირობას და ამის შემდგომ 2025 წლის თებერვალში, მარტში ყველაზე გვიან დავიწყებთ ევროკავშირთან საუბარს, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნას საქართველოსთანაც. უკრაინაზე და მოლდოვაზე გაცილებით სწრაფად შევასრულებთ ყველა რეფორმის ვალდებულებას და საქართველო დაჩქარებული წესით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვიქნებით ფაქტობრივად, ევროკავშირის აღმოსავლეთ კარიბჭე და იმ უპრეცედენტო გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ევროკავშირმა, მოვიყვანთ ბოლომდე. “ქართულმა ოცნებამ” როგორც აქამდე არაფერი შეასრულა და ხელის შეშლის მეტი არაფერი გააკეთა, ისე არაფერს შეასრულებს”,- განაცხადა ვაშაძემ.