ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის საქართველოს პრეზიდენტი – რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიგვაჩნია ქართველი ხალხის წარმომადგენლად, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროტესტმა ახალი რაოდენობრივი მასშტაბი შეიძინოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია გავაჟღერეთ დღეს. არ ვცნობთ, არალეგიტიმურია ის, რაც ახლა ხდება. ასევე, არ ვცნობთ იმ ე.წ. პარლამენტში პრეზიდენტობის კლოუნადას, ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად. ჩვენ ვაღიარებთ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია აქვს და მიგვაჩნია ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, რა პროცედურაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვიქნებით პროტესტში 13 დეკემბერსაც და 14 დეკემბერსაც. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ და პროტესტმა ახალი რაოდენობრივი მასშტაბი შეიძინოს. ჩვენ გვექნება პრეზიდენტთან საუბარი, გვექნება სხვა კოლეგებთან საუბარი და გავაგრძელებთ…“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.