გიორგი ვაშაძე მოსამართლეს – შეძლებთ თუ არა, რომ ასივე პროცენტით არ დააკმაყოფილოთ პროკურატურის მოთხოვნა? ვერ შეძლებთ – მოსამართლეები ისეთ დღეში ჩაგაგდეს, რესტორანში ბანერის ქვეშ, ხოხვით შედიხართ, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?

მოსამართლეები ისეთ დღეში ჩაგაგდეს, რესტორანში ბანერის ქვეშ, ხოხვით შედიხართ, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს? მე შემრცხვა,- ამ სიტყვებით “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მ მოსამართლე მზია გარშაულიშვილს მიმართა.
სწორედ აღნიშნული მოსამართლე განიხილავს ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს საქმეზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტს ეხება.
„მთავარი კითხვაა, რატომ ვართ აქ, რა ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიბრძვით, მე ვიბრძვი, ჩემი თანაგუნდელები იბრძვიან, რისთვის ვიბრძვით? ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიცხოვროთ, ვიბრძვით იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრები არ იყვნენ, რომ თქვენი კოლეგა მოსამართლეები სტუდენტებს ციხეში არ უშვებდნენ იმისთვის, რომ პროტესტს გამოხატავენ.
ის, თუ რატომ ვარ აქ, ზუსტად იმის ნაწილია, იმ ბრალდების ნაწილი. ბრალს იცით რაში მდებთ? სამშობლო რომ მიყვარს, იმ სტუდენტებს, მსახიობებს, სამშობლო უყვართ, რომლებიც ციხეში ჩასვეს.
მარტივი ტესტი ავიღოთ, ასივე პროცენტით დააკმაყოფილებთ თუ არა პროკურატურის მოთხოვნას. როგორ შეიძლება სასამართლო ასი პროცენტით აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას, რომელიც სასამართლოს აქვს? შეძლებთ თუ არა იმას, რომ ასივე პროცენტით არ დააკმაყოფილოთ პროკურატურის მოთხოვნა? ქალბატონო მზია [მოსამართლე] ვერ შეძლებთ, რადგან სამწუხაროდ თქვენც, ამ მთელ პოლიტიკურ პროცესში გამოყენებული ხართ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ. მოსამართლეები ისეთ დღეში ჩაგაგდეს, რესტორანში ბანერის ქვეშ, ხოხვით შედიხართ, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს? მე შემრცხვა”,- განაცხადა ვაშაძემ.
მას მოსამართლემ მისი საქმის გარშემო საუბრისკენ მოუწოდა.
„ეს არის ჩემი ბრალდების ნაწილია, რატომ იყო იქ მოსამართლეების მიმართ პროტესტი? იმიტომ რომ საარჩევნო დავებზე ერთი ობიექტური გადაწყვეტილებაც სასამართლო სისტემამ ვერ თქვა. ამიტომ იყო ის ხალხი მოსული, მე თქვენს ადგილზე მრცხვენია, რომ მოსამართლეებს ადამიანების პროტესტის ფონზე მუხლზე დაჩოქილს, ხოხვით უწევს რესტორანში შესვლა, ეს სირცხვილი არ არის? თქვენ არ წარმოადგენთ ამ სასამართლო სისტემას? ჩემს საქმესთან იმ შუაშია, რომ ეს ყველაფერი საერთო პოლიტიკური კონტექსტის ნაწილია“, – განაცხადა ვაშაძემ.