გიორგი ვაშაძე – მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ – დარწმუნებული ვარ, ის, რაც ივანიშვილს უნდოდა, რომ ოპოზიციური ხმები 5%-ს ქვემოთ დაკარგულიყო, არ მოხდება – ეს არის ამოცანა!

მივესალმები ყველა პოლიტიკურ, პროდასავლურ კონსოლიდაციას, გაერთიანებას, ეს მათი გადასაწყვეტია, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია“ აღმაშენებლის“ ლიდერი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ „ლელო“ „განაცებისგან“ უნდა გადაარჩინოს.
ვაშაძის თქმით, ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, არ მოხდება და ოპოზიციის ხმები 5%-ს ქვემოთ არ დარჩება.
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „ერთიანობის“ გაერთიანება, მოძრაობა, რომელიც ყველაზე აქტიურად ერთვება საარჩევნო კამპანიაში, ასი დღის განმავლობაში ვაპირებთ მუშაობას. მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ის, რაც ივანიშვილს უნდოდა, რომ ოპოზიციური ხმები 5%-ს ქვემოთ დაკარგულიყო, არ მოხდება. ეს არის ამოცანა, რომელიც ყველას გვაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მას „ლელოს“ განაცებისგან“ გადარჩენა სურს. „ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, „არანაცური“ და „არაოცნებური“ ძალები როგორ იქნებიან პარლამენტში წარმოდგენილი. მერწმუნეთ, ბევრი მიმუშავია და კიდევ ბევრს ვიმუშავებ იმისთვის, რომ როგორმე „ლელო“ „განაცებისგან“ გადავარჩინოთ, მე ამას არც ვმალავ“, – განაცხადა გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ